გია ბარამიძე: არ გვეშლება არც სტუმარ-მასპინძლობა და არც ის, ვინ მტერია და ვინ მოყვარე
“ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან დღეს მოვისმინეთ სამარცხვინო ბოდვა. უხერხულ მდგომარეობაში არიან და არ იციან, რა სისულელე ილაპარაკონ, ცდილობენ, ყველაფერი ერთმანეთში აურიონ“, – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია ბარამიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, ტურიზმი ერთია, მაგრამ მეორეა საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპაციის შესახებ კანონი.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან დღეს მოვისმინეთ სამარცხვინო ბოდვა. უხერხულ მდგომარეობაში არიან და არ იციან, რა სისულელე ილაპარაკონ, ცდილობენ, ყველაფერი ერთმანეთში აურიონ. როგორც გავრილოვის შემოსვლაზე ვაფრთხილებდით წინასწარ, ასევე, პოზნერთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ პუტინის ობიექტური ჟურნალისტია, მაგრამ სინამდვილეში არის პროპაგანდისტი, საკვანძო მომენტებში ლაპარაკობს იმას, რაც პუტინს სჭირდება. ლაპარაკობს იმავეს, რასაც მოღალატე ივანიშვილი, ე.წ. პრეზიდენტი და მოღალატე გავრილოვები, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ უტიფრად ცდილობენ, ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიონ, თუმცა, არ გამოუვათ, რადგან საქართველოში არავინ არის სულელი. ტურიზმი ერთია, მაგრამ მეორე არის საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უფლებას აძლევს, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვას ადამიანი არა მხოლოდ მაშინ, თუ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ნამყოფი, არამედ მაშინაც, თუ ის ამ კანონის სულისკვეთებას არღვევს და საქართველოს ოკუპაციას ამართლებს. მეორე არის ამათი თავლაფდასხმა და უნამუსობა, რომ საქართველოს მოსახლეობას ეპყრობიან ისე, როგორც თვითონ არიან რუსეთის მონები. თურმე საქართველოს მოსახლეობისთვის არ შეიძლება ღამით გადაადგილება, არ შეიძლება რესტორნის გახსნა და ღამით ქეიფი, აი პოზნერისა და პუტინის შნირი მილიონერებისთვის კი შეიძლება. რუსები რაღაც პირველი კატეგორიის ხალხია, მით უმეტეს, თუ პუტინთან არიან დაახლოებული, ხოლო ქართველები ასე უნდა ვიყოთ მოკაკვულები და არც ქუჩაში გადაადგილება შეგვეძლოს კომენდანტის საათის დროს და არც ქეიფი. ჩვენ არ გვეშლება არც სტუმარ-მასპინძლობა და არც ის, ვინ მტერია და ვინ მოყვარე“, – განაცხადა ბარამიძემ.