კრემლში, წუხანდელ ინციდენტზე საქართველოს პრემიერის განცხადებას მიესალმებიან

კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან დაგმო ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”ვნახეთ საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი ქართველი სამართალდამცველების მადლიერია.

”მადლიერი ვართ, ქართველი პოლიციელების, რომლებმაც თბილისში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყვეს”, – განაცხადა მან.

გვიან ღამით თბილისში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, “პირველ ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი”.

„რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის ყველასთვის, ეს არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე, ყოველი ინდივიდი. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ” და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც, „ნაციონალური მოძრაობის” და, კერძოდ, სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა, დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც, ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მით უმეტეს, ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ტურისტული სექტორისთვის, ისე, ზოგადად, ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებსა და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა” ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ისინი მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები