გია აბაშიძე: “ნაცმოძრაობას” არც პოზნერი აინტერესებს, არც ოკუპაციაზე შეტკივა გული და არც პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ, მათი ერთადერთი ამოცანაა, კიდევ უფრო გამწვავდეს ურთიერთობა ოკუპანტ რუსეთთან, დაიხუროს ტურიზმი, ჩამოიქცეს ეკონომიკა
“ნაციონალურ მოძრაობას” არც პოზნერი აინტერესებს, არც ოკუპაციაზე შეტკივა გული და არც პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ, მათი ერთადერთი ამოცანაა, კიდევ უფრო გამწვავდეს ურთიერთობა ოკუპანტ რუსეთთან, დაიხუროს ტურიზმი, ჩამოიქცეს ეკონომიკა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
გია აბაშიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„კრემლისათვის მართლაც და ეს სასარგებლო იდიოტი სექტა რეალურად არ უფიქრდება იმას, თუ რა შეიძლება, გამოიწვიოს ამგვარმა პერფორმანსებმა რუსეთში მცხოვრები ქართველების მიმართ. საერთოდ, ამაზე ფიქრობენ ოკუპანტისთვის სტრატეგიული ობიექტების გამსხვისებელი ფსევდო-პატრიოტი ნაცსექტანტები?!
ცხადია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც პოზნერი აინტერესებს, არც ოკუპაციაზე შესტკივა გული და არც პატრიოტული გრძნობები ამოძრავებს. გარეჯი ხომ მათთვის თურმე არაა საქართველო. მათი ერთადერთი ამოცანაა კიდევ უფრო გამწვავდეს ურთიერთობა ოკუპანტ რუსეთთან, დაიხუროს ტურიზმი, ჩამოიქცეს ეკონომიკა, ქვეყანა წელში ვერ გაიმართოს და მოხდეს სოციალური ბუნტი. ეს არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა.
ცნობისათვის, ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში, ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული, აშშ მოქალაქის პასპორტით და კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით. მას არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. შესაბამისად, მას ისევე, როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა, რეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში შემოსულიყო.
რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დაირღვა კოვიდ-შეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველა დამრღვევს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული (ცხადია, ყველასათვის უკიდურესად მიუღებელი) მოსაზრებების გამო ითხოვდა.
შეიძლება გაიმართოს ფართო დისკუსია თემაზე – საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა? თუმცა, მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად „ნაცმოძრაობის“ მომხრე ლიეტუველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიონისი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
ასევე უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის, პროტესტის გამომხატველი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და სხვები.
დასაფიქრებელია ისიც, თუ რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახალგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა საარჩევნო კამპანია;
ესეც განვიხილოთ – უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად პაკლონნაია გარაზე მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე? უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება ჩეკისტების სამჭედლოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის უფლება?
უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვექცეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმითვე, „ფეესბე-ს“ რევოლუციის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;
ისიც უნდა მოვიფიქროთ, თუ რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;
და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში?!
თუ ამ ყველაფრისთვის მზად არიან, კი ბატონო, საზოგადოება სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ეს პროცესი!
ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდო-პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია.
ჩვენი ქვეყნის ამოყირავებას კი ვერც 15 მაისამდე და ვერც შემდეგ ეღირსებიან, რაც უნდა აჩხავლონ დაქირავებული, ფუყე თავთავი აქტივისტები!“ – წერს აბაშიძე.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დღეს დილით დატოვა.