პოზნერი: არცერთი ჩვენგანი დაჯარიმებული არ არის
რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ ის ქართველი სამართალდამცველების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული არ არის.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-ს მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ განუცხადა.
მეტიც, მისი თქმით, მის თანმხლები 41 ადამიანიც არ არის დაჯარიმებული.
“მოსკოვში ვარ. არცერთი ჩვენგანი საერთოდ არ არის დაჯარიმებული”, – თქვა პოზნერმა.
თუმცა, საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე თბილისში მყოფი რუსეთის 32 მოქალაქე, მათ შორის, ვლადიმერ პოზნერია დაჯარიმებული.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევიათ. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“, – აღნიშნეს შსს-ში.