“როგორი უნდა იყოს აშშ-ის რეაგირება საქართველოში არსებულ პრობლემაზე” – იან კელი და დევიდ კრამერი სტატიას აქვეყნებენ

“საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად ავტორიტარიზმის ზღვის შუაგულში, ახლა დგას ერთპარტიული არასტაბილური რეჟიმის ჩამოყალიბების ზღვარზე”, – ამის შესახებ 2015-2018 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევრის, დევიდ კრამერის ერთობლივ სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით – “როგორი უნდა იყოს აშშ-ის რეაგირება საქართველოში არსებულ პრობლემაზე”.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ყველა პარტიის წარმომადგენელმა უნდა მოაგვაროს ქვეყანაში არსებული კრიზისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს. დიპლომატების აზრით, აშშ-მა, როგორც ქვეყანამ, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი დადებითი გავლენები აქვს, კრიზისის დაძლევის ფასილიტაციას ხელი უნდა შეუწყოს.

“4 მილიონი ადამიანისგან შემდგარ სახელმწიფოს ამერიკის სტრატეგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაწილობრივ, ეს მის გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება; ასევე, ის გახდა მნიშვნელოვანი პარტნიორი, როდესაც ერაყში, ავღანეთსა და სხვა ადგილებში ჯარისკაცები გაგზავნა. საქართველო უცვლელად იყო ევრაზიის რეგიონში პროამერიკულ ქვეყნად. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ აიღო ვალდებულება ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციის შესახებ. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო და სხვა დახმარება, მათ შორის, რუსული სამომავლო აგრესიისგან დასაცავად აღმოუჩინა”, – ნათქვამია სტატიაში. ​

კელი და კრამერი აღნიშნავენ, რომ საქართველოში კრიზისი სამხრეთ კავკასიისთვის კრიტიკულ მომენტში დაიწყო, კერძოდ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის პერიოდში, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის მყიფე გადაწყვეტილებისა და 2000 ათასი რუსი მშვიდობისმყოფელის ჩაყენების პირობებში.

“აშშ-სა და მათ მოკავშირეებს მდგარდი და უსაფრთხო საქართველო სჭირდებათ, რომ მოხდეს ბევრად მსხვილი სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე კონფლიქტის საფრთხის არიდება. საქართველოს წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონი ყველა მხრიდან გარშემორტყმულია რუსული ოკუპაციით, კონფლიქტებითა და ავტოკრატიით, ქვეყანა მოქმედ კონტრმოდელს საჭიროებს. კონფლიქტის ზონებში საქართველოს მდებარეობა არა მხოლოდ გამოწვევაა, არამედ იმის დემონსტრირებაც, რომ რეგიონში პრობლემები განსხვავდება, რაც რუსეთს აძლევს ხელს. ერთადერთი, ვინც სარგებლობას იღებენ საქართველოში არასტაბილურობასა და ქაოსისგან, სხედან კრემლში. მხოლოდ ამის გააზრება უნდა იყოს საგანგაშო სიგნალი საქართველოში მცხოვრებთათვის, ასევე, ქვეყნის მეგობრებისთვის დასავლეთში. მელია დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული, ამის შემდეგ ყველა პარტიამ კომპრომისზე უნდა იზრუნოს პარლამენტში მრავალპარტიულობის უზრუნველსაყოფად. შეერთებულ შტატებს პროცესში საკვანძო როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედოს”, – მიიჩნევენ დიპლომატები.

კელი და კრამერი თვლიან, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს, სადაც ამჟამად მხოლოდ სამი თანამდებობის პირია დამტკიცებული და პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნის არცერთი თანაშემწე ჯერ არ დაუნიშნავს.

“ამ თანამდებობების შევსებას დრო დასჭირდება, ამიტომ, საჭიროა, კონგრესის რამდენიმე წარმომადგენელი ორპარტიულ საფუძველზე თბილისში ჩავიდეს სპეციალური წარმომადგენლების რანგში, როგორც ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც რიჩარდ ლუგარი კიევში გაგზავნეს ქვეყანაში მაშინ არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის ძიების დასახმარებლად”, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები