“ის, რაც ბოლო ერთი წელია, ეკონომიკაში ხდება, ლარის გაუფასურება 90 % -ით მთლიანად პანდემიასთანაა დაკავშირებული”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანგურიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.
„ბოლო ერთი კვირაა, ვხედავთ, რომ ლარი უფასურდება. დაახლოებით, 2-3 თვის განმავლობაში მუდმივად ერთ პოზიციაზე იყო, მცირედი სხვაობები ფიქსირდებოდა. თუმცა, წინა კვირაში შედარებით სწრაფად გაუფასურდა. აქ რამდენიმე მიზეზი შეიძლება, იყოს. სამწუხაროდ, მასშტაბებითაც, ეკონომიკითაც ძალიან მცირე ქვეყანა ვართ. როდესაც ჩვენს სამეზობლოში, ან რომელიმე ეკონომიკურად პარტნიორ სახელმწიფოში რაღაც რყევები ხდება, ეს ჩვენს ეკონომიკასა და ვალუტაზე მყისიერად აისახება. ასეთი შემთხვევა არაერთი იყო. ახლაც ასეთი სიტუაცია გვაქვს. ლირა გაუფასურდა, ამ გაუფასურებაში მიჰყვა ჩვენი ლარიც. როდესაც ჩვენ ვალუტის გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, აქ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებია. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან რაღაც კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ, განსაკუთრებით კი – სავაჭრო პარტნიორებთან, ხშირ შემთხვევაში, როცა იმ კონკრეტულ ქვეყანაში ვალუტა უფასურდება, ან კრიზისის ნიშნები შეიმჩნევა, ჩვენი ეროვნული ბანკი სწრაფადვე რეაგირებას უნდა ახდენდეს. შესაძლოა, რაღაც ტაქტიკური სვლაც იყოს გაუფასურება და ეს დასაშვებია. ასეთი ტაქტიკური სვლები სხვადასხვა დროს არაერთი ქვეყნის ეროვნული ბანკის, თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიუღიათ. ვფიქრობ, ჩვენთანაც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი ტაქტიკური სვლა იყო. თუმცა, ახლა ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა, თუ გარკვეული სახით ტაქტიკური სვლა, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ასეთ დროს ინფორმაციას ან არ გვაწვდის ხოლმე, ან ძალიან დაგვიანებით გვაწვდის, რაც ლარის კურსის ფორმირების პროცესში ასევე პრობლემაა. როდესაც სისტემა გამჭვირვალეა, საზოგადოებას, ბიზნესსა და დაინტერესებულ პირებს ეროვნული ბანკი მუდმივად აწვდის შესაბამის ინფორმაციას, ასეთ დროს ლარის კურსი ნაკლებად რისკიანი ხდება, პროგნოზირებადია.
ახლა ძნელია პროგნოზის გაკეთება იმიტომ, რომ ის, რაც ეკონომიკაში ხდება, მთლიანად ჯანდაცვის სექტორზეა დამოკიდებული – ჯანდაცვის სექტორი რამდენად მარტივად დასძლევს კორონავირუსს და რამდენად ექნება ეკონომიკას შესაძლებლობა, იყოს გახნილი.
ის, რაც ბოლო ერთი წელია, ეკონომიკაში ხდება, ლარის გაუფასურება 90 % -ით მთლიანად პანდემიასთანაა დაკავშირებული, პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა განაპირობა ის, რომ ვალუტა აღარ შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციებმა იკლო, ტურისტები აღარ შემოდიოდნენ. დღესაც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად დაძლევს კრიზისს არა მარტო ჩვენი ჯანდაცვის სექტორი, არამედ – ყველა ქვეყანა, რამდენად სწრაფად მოხდება შეზღუდვების მოხსნა. პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ვაქცინამ გააჩინა გარკვეული სახის იმედები, რომ ამ პროცესების შეჩერება და ეკონომიკის სწრაფად გახსნა მოხდება“, – განაცხადა ანგურიძემ.
მისივე თქმით, არის რისკი, რომ განვითარებული პროცესები სამომხმარებლო ფასებზეც აისახოს.
„ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც სასურსათო პროდუქციის ძალიან დიდ ნაწილს ვიღებთ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩვენი სასურსათო პროდუქცია დიდწილად თურქეთზეა დამოკიდებული. არის რისკი, რომ ამ ყველაფერმა სამომხმარებლო ფასებზეც იმოქმედოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ლარის გაუფასურებაში თურქეთის ფაქტორიც იყო, ეს ნიშნავს, რომ თურქეთში პროდუქტებზე ფასები გაიზრდება, როდესაც ლირა გაუფასურებულია. შესაბამისად, ჩვენთანაც რისკია, რომ ავტომატურად, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენს სასურსათო პროდუქციაზეც მოხდება ფასების ზრდა, განსაკუთრებით – იმ ნაწილში, სადაც თურქეთიდან გვაქვს მოწოდება. თუმცა, თუ შეჩერდება პროცესი და გაუფასურების ტენდენცია არ გაგრძელდება, ამის რისკი ნაკლებია“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარია.
თამუნა შეყილაძე