საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევოლუცია ძველ თბილისში

პირველი კარეტა თბილისში 1790 წელს პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნებულმა გარსევან ჭავჭავაძემ ჩამოიტანა. როგორც იონა მეუნარგია გადმოგვცემს, „ბედისგან განებივრებული ალექსანდრე თავის ფრანცუზის მეცნიერებას ისმენდა და თავისუფალ დროს დასეირნობდა მამამისისგან ჩვენში გადმოტანილი კარეტით.“

მოგვიანებით ეტლებს „ადინაჩკები“ მოჰყვა. ა. ჭავჭავაძე იყო პირველი კაცი ქალაქში, რომელიც „ადინაჩკამ“ იმსხვერპლა..

„მშვენიერი ყარაბაღული ცხენი შეაბა მის „ადინაჩკას“ ქუჩერმა და ალექსანდრე დაეშვა პარადის ფორმით მორთული ჭავჭავაძის ქუჩით. როცა ის დაუხლოვდა გოლოვინის პროსპექტს, უეცრივ ერთმა დედაკაცმა სახლიდან საპნიანი წყალი გამოიტანა და ქუჩაზე გადაღვარა, სწორედ იმ დროს, როდესაც იმას გაუსწორდა ალექსანდრეს ეტლი. ცხენი დაფრთხა, წაართვა თავი ქუჩერს. შეშინებულმა ქუჩერმა მოსძახა ალექსანდრეს: „კნიაზო, მე ამის დაჭერა არ შემიძლია, თავს უშველეო“. ალექსანდრემ იფიქრა ქუჩრის მიშველება, წამოიწია და რომ უნდა სწვდომოდა აღვირს, მისი გრძელი შინელის მარჯვენა კალთა მოჰყვა ბორბალს და ზედ დაეხვია, ფეხზე წამომდგარი ალექსანდრე ძირს გადმოაგდო. ეს გადმოვარდნა სასიკვდილო შეიქმნა, დაეცა თავით. გრძნობა მიხდილი ალექსანდრე შეიყვანეს სახლში საცა ცოტა ხანი იცოცხლა.”- წერს მეუნარგია.

დიმიტრი ყიფიანის მონათხრობით, კარეტის და ზოგადად, ბორბლებიანი ტრანსპორტის გამოჩენამდე თბილისელები ძირითადად ცხენით და ურმებით გადაადგილდებოდნენ.

„ქალაქში არ იყო ქვაფენილები. მათი უქონლობა მშრალ ამინდში ისე არ იყო საგრძნობი, მაგრამ საკმარისი იყო ცოტა წამოეწვიმა, როომ მთელი ქუჩა გაუვალი ლაფით გასვრილიყო. თვით საქართველოში თავადაზნაურობა ქალი თუ კაცი, უმეტეს შემთხვევაში მოგზაურობდნენ ცხენებით იშვიათად ურმით ან ტახტრევნებით. მოქალაქენი და რუსის ოფიცრობა უპირატესობას აძლევდა ცხენებით მოგზაურობას.”

დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს: „მისვლა-მოსვლა თბილისში ჩვენი უშნო ურმებით ან ბედაური ცხენებით იყო. მაგრამ ასეთი საშუალება დიდად უხერხული იყო ავდარში, როდესაც მშვენიერ სქესს უნდა დაემშვენებინა მთავარმართებლის მიერ გამართული საღამოები და ბალები. შუა საუკუნეებში ქალაქის შიგნით ტვირთების გადაზიდვა ცხენისა და სახედრის საშუალებით წარმოებდა“.

მოგვიანებით თბილისში ე.წ. კალიასკებიც გამოჩნდა.

„პირველი „კალიასკა“ თბილისის პირველი სამხედრო გუბერნატორისა, გენერალ-ადიუტანტ ნიკოლოს მარტვიანის ძე სიპიაგინისა, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა სპარსეთის ომის დროს 1826-1828 წლებში.” – აღნიშნავს დ. ყიფიანი – „გაჩნდნენ „დროშკები“ და „ეკიპაჟები“, გამოვიდნენ „ბირჟის“ ეტლებიც. მე მახსოვს თბილისში პირველი გამოსვლა ბირჟაზე, მეეტლე ცაკანას „დროშკებისა““.

პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში კონკა იყო. მასობრივად მათი გამოყენება მე-19 საუკუნის 80 -იან წლებში დაიწყო.

ophss7w

კონკის გამოჩენამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას ტივები ითავსებდა. ტივზე მგზავრობისა და საქონლის გადაზიდვის გარდა, მექლის-ქეიფებსა და ქორწილებსაც აწყობდნენ. იოსებ გრიშაშვილი მოგვითხრობს:

„მთვარიან ღამეს ექვს ტივს ერთმანეთზე გადააბამდნენ და მტკვარზე ქორწილს იხდიდნენ: აქეთ ნეფე-დედოფალი იყო მღვდლით, ეჯიბით და მდიდრებით; იქით ნაქვთიერი ბიჭები”.

სულხან საბას განმარტებით, ტივი არის „ძელნი შეწყობილნი წყალთა სავალად“ ე.ი. ერთად შეკრულ-შეკოჭილი დამორილი ძელები, რომლებსაც მდინარეზე აცურებდნენ, ჩაჰქონდათ სასურველ ადგილას, იქ შლიდნენ და ჰყიდდნენ, როგორც ხის მასალას. ტივისთვის ხის მოჭრა ხდებოდა მთებში. მოაგროვებდნენ მდინარის მდოვრე ადგილას, გაუკეთებდნენ ნაცხვირს, შიგნით ამოუყრიდნენ მაგარ წნელს, გაკოჭავდნენ ერთმანეთში, მიამაგრებდნენ ორთაყვირს, რომელიც მიმართულებას აძლევდა ტივს და დააცურებდნენ წყალზე. თუ მტკვარი მოდიდებული მოდიოდა, ბორჯომელი მეტივეები ერთ დღეში ჩამოდიოდნენ თბილისში, ხოლო ჩვეულებრივ 2-3 დღეს უნდებოდნენ.

შუა საუკუნეების არაერთ საბუთში ტივი მოხსენიებულია, როგორც სატრანსპორტო და სურსათის გადატანის საშუალება. XI საუკუნეში ბაგრატ IV-ს თბილისის ამირა სწორედ ტივის მეშვეობით გაქცევია. მდინარე მტკვარზე ყოველწლიურად საშუალოდ 1500-დან 1800-მდე ტივს აცურებდნენ. თბილიში ორი სატივე, ანუ „სატიო“ იყო, სადაც ძირითადად ხდებოდა მორების გაყიდვა.

გამოყენებული მასალა:  „ძველი თბილისი“, ნინო აბულაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები