ანრი ოხანაშვილი: თუ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია

“თუ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

“ქართული ოცნება” ოპონენტებს საარჩევნო ბარიერის დასაწევად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

“ეს არის ხელშეწყობა პოლიტიკური პლურალიზმისთვის, პოლარიზაციის შემცირება და მეტი პარტიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა 2024 წლის არჩევნების შემდგომ საქართველოს პარლამენტში. ეს არის კიდევ ერთი ტესტი პოლიტიკური ოპონენტებისთვის. თუ მათ მხარი არ დაუჭირეს ამ პროექტს, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ ისინი მხარს უჭერენ არა დემოკრატიის განვითარებას, არამედ – დემოკრატიის უკუსვლას”, – აცხადებს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომელიც “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შეიქმნა. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მოხდება საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული კანონპროექტით, პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება.

ინიციატივის კანონად ქცევისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო, რომელიც 113 დეპუტატის მხარდაჭერას გულისხმობს, ამ ეტაპზე კი საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატი იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები