რუსეთის საგარეო: სტოლტენბერგის ბრალდებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, რუსეთი სერიოზულად ვერ აღიქვამს ნატო-ს უმაღლესი ეშელონების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ალიანსის მინისტერიალის ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობა კვლავ რთულია, ასევე, ალიანსის შეშფოთებას რუსეთის აგრესიული ქმედება იწვევს.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს. მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს სამხედრო პოტენციალის ზრდას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

“ბრალდებებს, რომლებიც ნატო-ს უმაღლესი ეშელონების მხრიდან ვისმენთ, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, “სწორედ ნატო-ს უმთავრესი პარტნიორი, აშშ გავიდა საშუალო და ახლო მოქმედების რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან, რითაც ევროპული თანამედროვე უსაფრთხოების საკვანძო ელემენტი დაარღვია”.

“ნატო რუსეთის წინადადებებს აიგნორებს, რომელიც ამ კლასის რაკეტების განთავსებაზე შემხვედრი მორატორიუმის შემოღებას გულისხმობს”, – თქვა გრუშკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები