ტელეკომპანია "დოჟდი" დახურვას არ აპირებს

   ტელეკომპანია “დოჟდი” მუშაობას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსხვილმა საკაბელო ქსელის ოპერატორმა უარი თქვა მის ტრანსლაციაზე,- განაცხადა არხის ხელმძღვანელმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. არხის მფლობელმა ალექსანდრ ვინოკუროვმა აღნიშნა, რომ “დოჟდის” ბოლო მსხვილი საკაბელო ქსელის ოპერატორის გამორთვა ფაქტობრივად არხის დახურვას ნიშნავს. თუმცა, სამშაბათს მან და მისმა მეუღლემ, გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ტელეკომპანია „დოჟდის“ ხელმძღვანელობა არ განიხილავს არხის დახურვას, მსხვილ საკაბელო არხებსა და სატელიტურ ოპერატორებზე მაუწყებლობის გათიშვას. მისივე თქმით, შექმნილი ვითარების გამო, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ასევე არ გეგმავს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.
“ჩვენ არ ვაპირებთ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ვიმუშავებთ იმავე რეჟიმში და იმავე ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც ვმუშაობდით”, – განაცხადა ნატალია სინდეევამ.
ტელეკომპანია “დოჟდის”მფლობელი და გენერალური დირექტორი დარწმუნებული არიან, რომ პრობლემები საკაბელო ქსელის ოპერატორებთან ტელეკომპანიის მიმართ რუსეთის ხელისუფლების უკმაყოფილების გამო წარმოიქმნა. თუმცა ალექსანდრ ვინოკუროვის თქმით, მას არ შეუძლია იმ პირთა გვარების დასახელება, ვინც არხის დახურვის ბრძანება გასცა. აქვე ბიზნესმენმა დაამატა, რომ ის ოპერატორებთან დავას არ პირებს:
“ჩვენ ყველასი გვესმის და მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავბრუნდეთ, ჩვენ ოპერატორებისგან არ გვჭირდება ჯარიმა, არამედ ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა”, – განაცხადა ვინოკუროვმა. არხის ხელმძღვანელობამ ასევე აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ თანამშრომლობას რამდენიმე მსხვილ საკაბელო ოპერატორთან და ეძებენ სხვა გზებს ტელეკომპანიის სიხშირის გასავრცელებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები