ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც ასეთი პროგრესი გვაქვს ნატო-სთან მიმართებით, ზურგში ლახვარის ჩაცემასავითაა ქვეყნის შიგნით შექმნილი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი
“როდესაც ასეთი პროგრესი გვაქვს ნატო-სთან მიმართებით, ზურგში ლახვარის ჩაცემასავითაა ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს ვგულისხმობ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ქვეყანა, სადაც არ იქნება შიდა სტაბილურობა, ვერც ნატო-ს ასპირანტი გახდება და, მით უმეტეს, ვერც ნატო,ს წევრი.
„ბრიუსელში მოხდება ძალიან რეალისტური შეფასება იმ ვითარებისა, რაც ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დადგა. ამის ნიშნები უკვე ჩანს, რადგან არაერთი განცხადება უკვე კეთდება, მათ შორის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გააკეთა განცხადება. სხვათა შორის, დღეს გვქონდა ჩვენ ძალიან საინტერესო საკომიტეტო მოსმენა, სადაც ნატო-ს წარმომადგენლები გვყავდა, რომლებმაც სწორედ ამ გეგმებზე ისაუბრეს. ერთგვარი გააზრება ხდება ახლა, რა ვითარება იქმნება სამხრეთ კავკასიაში და, ზოგადად, შავი ზღვის აუზში. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლი და მნიშვნელობა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის ერთი-ორად იზრდება. ყველა აღნიშნავს, რომ ნატო-სთან მიმართებით საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული და პროგრესი ცალსახაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ წელგამართულები ვხვდებით ნატო-ს ამ სამიტს. ჩვენი სამხედროები და, ზოგადად, თავდაცვის სამინისტრო ძალიან ბევრს აკეთებს თავსებადობის კუთხით და როდესაც ასეთი პროგრესი გვაქვს ნატო-სთან მიმართებით, ზურგში ლახვარის ჩაცემასავით არის ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს ვგულისხმობ – იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ის ქვეყანა, სადაც არ იქნება შიდა სტაბილურობა, ვერც ნატოს ასპირანტი გახდება და მით უმეტეს, ვერც ნატოს – წევრი. ამ დაძაბულობის მიზეზი არის ის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, ვითომ არჩევნების გაყალბების, რასაც ვერავინ ადასტურებს, ეს არის სწორედ სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ეს არის სწორედ ის დესტრუქცია, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენ, უკვე მთელი მსოფლიო მიუთითებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.