ნიკოლოზ სამხარაძე: ზედიზედ 8 არჩევნებია, მარცხდებიან, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ ჰგონიათ, რომ დარჩათ, არის ის, რომ ქუჩის აქციებით ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან

“მუდმივად პროვოკაციულ რეჟიმში ყოფნით მათ იმედი აქვთ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებს და შემდეგ ამით ქულებს დაიწერენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ქუჩის აქციებით ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურს.

„ქუჩის აქციების წინასწარი დაანონსება ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ქვეყანა ამყოფონ მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში და ქვეყანა მუდმივად აჯანჯღარონ იმისთვის, რომ არ იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა. მეორე ამოცანა არის ის, რომ როგორმე ამ ქუჩის აქციებით რომელიმე სამართალდამცავი წამოაგონ პროვოკაციაზე. იცით თქვენ, იქ რა ხდება, დედის გინება, შეურაცხყოფა, ხანდახან ფიზიკური შეხებაც კი სამართალდამცავების მიმართ. მუდმივად პროვოკაციულ რეჟიმში ყოფნით, მათ იმედი აქვთ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებს და შემდეგ ამით ქულები დაიწერონ. ეს არის ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ მოახერხეს ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ ისინი არიან უკეთესი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მართოს ეს ქვეყანა. ზედიზედ 8 არჩევნებია, ისინი მარცხდებიან, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ ჰგონიათ, რომ დარჩათ, არის ის, რომ ქუჩის აქციებით შექმნან დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ისინი ამით ავნებენ ხელისუფლებად და ავნებენ ჩვენს საზოგადოებასა და მთლიანად სახელმწიფოს. სწორედ აქ მიჩნდება შეკითხვა, ხომ არ თამაშობენ ისინი რუსეთის თამაშს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ოპოზიციამ 15 მაისს საპროტესტო აქცია დააანონსა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები