ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ფინანსური სისტემის მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის

„თავის დროზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი საკითხი იყო, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია, რაც ფინანსური სისტემის საიმედობასა და მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ” კანონში ცვლილებები განიხილეს, ერთ-ერთი ცვლილებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა 2022 წლის 1 -ელი იანვრიდან მოხდება.
2020 წლის 1-ელი ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ” კანონში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები