საქართველოსა და ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი ონლაინ სხდომა გაიმართა
საქართველოს და ლატვიის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების, ნიკოლოზ სამხარაძის და რიჰარდს კოლსის ინიციატივით, კომიტეტების გაერთიანებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა როგორც საქართველოს ასევე, ლატვიის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე. შეხვედრისას ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რათა ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთებისთვის მზად იყოს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების საკითხი. ქართულმა მხარემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რითია გამოწვეული დაპირისპირება, ხელოვნური კრიზისი და რა ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მიერ ამ კრიზისის განსამუხტად. შეხვედრისას, ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიის პარლამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე. ქართული მხარის მიერ გაჟღერდა ახალი ინიციატივა, რომ ორი ქვეყნის ქალ პარლამენტარებს შორის გაიმართოს ფორუმი. ასევე, დამყარდეს და გაძლიერდეს ურთიერთობები პროფილურ კომიტეტებს შორისაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კოვიდ პანდემიის დასრულების შემდგომ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კოლეგებს ლატვიის რესპუბლიკიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოიწვევევენ.