ეკატერინე ტიკარაძე – გარდაცვლილ ექთანზე: დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი – მას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.
მისივე თქმით, ექთანი ვაქცინაციის მომენტისთვის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ჰქონდა რეანიმაციული განყოფილება, სადაც უზრუნველყოფილი იყო ის საჭირო დახმარება, რომელიც პაციენტს იმ მომენტისთვის ესაჭიროებოდა.
„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც გააჩნია რეანიმაციული განყოფილება. შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა.
როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს განცხადებას, ამ კვირაში იქნება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.