სპეციალური სამთავრობო კომისია “ოცნების ქალაქში” მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს
აჭარაში, “ოცნების ქალაქში” ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე სპეციალური კომისია უკვე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროცესში ჩართულია “ოცნების ქალაქის” მოსახლეობა და ისინი იღებენ მონაწილეობას კრიტერიუმების შემუშავების პროცესში.
”ოცნების ქალაქის” კომისიის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაცია Unicef-ის და წითელი ჯვარის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ე.წ. “ოცნების ქალაქის” პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის დროსაც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ოცნების ქალაქის” მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 11 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 9 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 592 098 ლარს შეადგენს.
ე. წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.