ევრობონდების გამოშვებისთვის, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები შეირჩა
2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, საინვესტიციო ბანკების შერჩევა დაევალა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროობლიგაციების გამოსაშვებად, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შეთავაზებების მიხედვით შეაფასა.
შედეგად, შეარჩიეს უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan-ი, Goldman Sachs-ი და ICBC.
გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩათვალეს პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა – Galt & Taggart და TBC Capital.
საინვესტიციო ბანკების შერჩევის შემდეგ, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები.
ევრობონდების გამოშვება მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი.