„ძალიან მომწონს სცენაზე სოლისტის ამპლუაში ყოფნა“ – მუსიკა, სიყვარული და აცრემლებული გერმანელი მსმენელი…

გურიაში, ნატანებში გაატარა ბავშვობა. მუსიკალურ სკოლაში დადიოდ, სკოლის გუნდში მღეროდა, საბავშვო ორკესტრში უკრავდ…  9-10 წლის ასაკში, როგორც ახალგაზრდა სოლისტი, უკრავდ ბათუმის სიმფონიურ თუ კამერულ ორკესტრთან ერთად… მალე ბათუმიდან თბილისში „ნიჭიერთა ათწლედში“ გადავიდა. შემდეგ იყო კონსერვატორია, სადაც ლიანა ისაკაძის სტიპენდიატი გახდა.
ლიანა ისაკაძის მიწვევით საქართველოს კამერულ ორკესტრში უკრავდა.
25 წლისამ გაიცნო მომავალი მეუღლე,  გერმანელი დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი უვე ბერკემერი და სიყვარული მალე ოჯახის შექმნით დასრულდა.
უვე ბერკემერის მიერ ჩამოყალიბებული კავკასიური კამერული ორკესტრის სოლისტი იყო, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ მეუღლესთან ერთად გერმანიაში დაბრუნდა.
პატარა ქალაქ იბბენბიურენში ცხოვრობს.  თითქმის ყველა იცნობს ამ ქალაქში. ხშირად უკრავს კონცერტებზე, ხშირად არის პრესის ფურცლებზეც… გერმანიაში უფრო სოლისტის ამპლუაში მოგვევლინა. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს სცენაზე სოლისტობა.
არის „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ ტიტულის მფლობელი, მეუღლესთან ერთად ქართული ბრენდის ტიტულის მფლობელი ნომინაციაში – „რეპუტაცია და ნდობა“.
პანდემიის გამო გეგმები შეეცვალა, რამდენიმე კონცერტიც ჩაეშალა… მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და მონატრებული მსმენელი სცენაზე იხილავს. – ბელა ბერკემერ-მახარაძის პერსონა.

 ნატანებში დაიბადეთ. მშობლები… როგორ დაიწყო მუსიკის სიყვარული. რა დაგამახსოვრდათ ბავშვობიდან?
– მე ვამაყობ ჩემი  გურიით, ჩემი ნატანებით, ნატანებლებითა და, რაღა თქმა უნდა, ჩემი შეუდარებელი დედ-მამით. მამა, რომან მახარაძე ინჟინერია, ხოლო დედა, ეთერ კვერღელიძე – მუსიკოსი და სიმართლეს გეტყვით, არც მეგულება დედამიწაზე მათი სადარი.
საუკეთესო მშობლები მყავს ყველა თვალსაზრისით და იმედი მაქვს, ასეც იქნება კიდევ ძალიან დიდხანს. მეშინია დაობლების, თუნდაც ჩემს ასაკში.
ბავშვობა ულამაზესი მქონდა, აი ნებისმიერი ბავშვი რომ ინატრებს, ისეთი ლაღი, სიხარულითა და სიყვარულით სავსე, თუმცა სკოლის ასაკიდან საკმაოდ დატვირთული ვიყავი, რადგან სკოლის გარდა  მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი (სადაც ვიოლინოსა და ფორტეპიანოს თანაბარი სიძლიერით ვსწავლობდი), სკოლის გუნდში ვმღეროდი, საბავშვო ორკესტრში ვუკრავდი,  ცეკვაზეც კი შემიყვანეს, მაგრამ უდროობის გამო მალევე გამომიყვანეს იქიდან.  ჩემდა სამწუხაროდ, გასართობად წუთი არ მრჩებოდა.
ასე რომ, ვიყავი ბავშვი, რომელმაც სათამაშოები და, ზოგადად, გართობა, მუსიკალური ინსტრუმენტებით ჩაანაცვლა, მაგრამ მე თავად იმდენად მიყვარდა სცენა და აპლოდისმენტები, რომ თანახმა ვიყავი, ნებისმიერი სიამოვნება დამეთმო მათთვის და ამ ყველაფერს საკმაოდ მკაცრი დედა- დედოფალი მიკონტროლებდა.
9-10 წლის ასკიდან შევისწავლე სცენის მადლი, რადგან ყოველწლიურად,  როგორც ახალგაზრდა სოლისტი, ვუკრავდი ბათუმის სიმფონიურ თუ კამერულ ორკესტრთან ერთად, და ეს ყველაფერი მაბედნიერებდა.
თბილისის კონსერვატორია დაამთავრეთ, სადაც ლიანა ისაკაძის სტიპენდიატი იყავით… რატომ აირჩიეთ ვიოლიონო?
– საკმაოდ წარჩინებული სტუდენტი გახლდით ჩემს პროფესიაში, სოლოკონცერტები, ხშირი გამოსვლები, მასტერკლასი შვეიცარიაში… ალბათ ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ მესამე კურსიდან ქალბატონი ლიანას პირველი სტიპენდიატი სწორედ მე  გავხდი.
ლიანა ისაკაძის მიწვევით საქართველოს კამერულ ორკესტრში უკრავდით. გქონდათ უამრავი გასტროლი და მიწვევა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში…
– ნამდვილად ასე იყო – მე მქონდა ბედნიერება, მისივე მოწვევით, სულ ახლად დაარსებულ ორკესტრში დაკვრისა და, უმოკლეს დროში, ევროპის 6 ქვეყანაში მათთან ერთად მოგზაურობისა. ეს იყო ახალგაზრდა გოგონასთვის თავბრუდამხვევი და საამაყო, რადგან  ქალბატონი ლიანა ისაკაძე ბავშვობიდანვე ჩემი კუმირი იყო.
25 წლისამ გაიცანით მომავალი მეუღლე,  გერმანელი დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი უვე ბერკემერი. თქვენ მაშინვე შეგიყვარდათ ერთმანეთი. თქვენი მეჯვარე ლიანა ისაკაძე იყო… რას გაიხსენებთ პირველი წლებიდან?
– უვესთან შეხვედრასაც ქალბატონ ლიანას უნდა ვუმადლოდე, რომ არა ის და მის მიერ ახლად შექმნილი საქართველოს კამერული ორკესტრი, ალბათ ვერასდროს შევხვდებოდი  უნიკალურ  გერმანელს – უვე ბერკემერს, რომელიც არა მხოლოდ ბრწყინვალე ადამიანი და მეუღლეა, არამედ ასევე უნიჭიერესი მუსიკოსი. დიახ, უზომოდ გამიმართლა, რომ უვე ბერკემერი ჩემი ცხოვრების მეგზურია.
ჩვენი სიყვარულის დასაწყისი ზღაპარს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურს.
სამი კვირის განმავლობაში ვიყავით ჩვენ, კამერული ორკესტრი და ქალბატონი ლიანა უვე ბერკემერის სტუმარი გერმანიაში (უვეს მიერ დაარსებულ დითცენბახის ინტერნაციონალურ ფესტივალში ვმონაწილეობდით) და, აი, ამ სამი კვირის განმავლობაში, ყოველ დილით, წითელ ხასხასა ვარდს ვიღებდი მისგან საჩუქრად, ხოლო თითქმის ყოველ მესამე დღეს რესტორანში ვახშამზე  მიწვევდა (საწყალს მარტო  არ მივყვებოდი, მინიმუმ სამი კაცი მიმყავდა მოწმედ, ჩვენი მენტალიტეტი ხომ იცით?!). იქ ყოფნის მეთვრამეტე დღეს უკვე ვიცოდით, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად უნდა გაგვეტარებინა.
ქალბატონი ლიანა ერთ-ერთი ჩვენი საამაყო მეჯვარე იყო… უბრალოდ ბედნიერი გოგო ვიყავი.
– ერთხანს საქართველოში მოღვაწეობდით, უვე ბერკემერმა საქართველოში კავკასიური კამერული ორკესტრი ჩამოაყალიბა, რომელიც ევროპის ქვეყნებში წარმატებით გამოდიოდა. თქვენ ამ ორკესტრის სოლისტი იყავით და საქველმოქმედო კონცერტებს მართავდით…  სამეფო უბნის თეატრში კავკასიურ ორკესტრთან ერთად გამოხვედით. რა შეგძინათ იმ წლებმა?
კავკასიურ ორკესტრში მეორე ვიოლინოების კონცერტმეისტერი ვიყავი. მართლაც ბევრი გასტროლი გვქონდა, ფაქტობრივად ორკესტრში ყველა სოლისტი იყო, რადგან ძალიან ცოტა მუსიკოსისგან შედგებოდა და ყველა იყო რჩეული მუსიკოსი, მართლა ლაურეატები და სტიპენდიატები, ძალიან გამოცდილი ხალხი… ბევრს ვშრომობდით, რომ უმაღლესი დონის კონცერტები გაგვემართა.
2008 წლის ომის დროს დაიშალა ეს ორკესტრი, მე და უვე დავბრუნდით გერმანიაში. ახლა მხოლოდ წელიწადში ერთხელ იწვევდა უვე მათ გერმანიიდან კონცერტების ჩასატარებლად.
ორკესტრის დახურვამ გამოიწვია ჩვენი სოლისტული კარიერის გააქტიურება.
სოლოკარიერა  ძალიან ბევრ დროს მოითხოვს, ამიტომაც, რა თქმა უნდა, უზარმაზარი შრომა მოგვიწია, მაგრამ დაფასდა ჩვენი შრომა და  ქართველებმა უცებ აიტაცეს ჩვენი, როგორც სოლისტების, გამოჩენა. ძალიან, ძალიან კარგად მიგვიღეს, და არა მხოლოდ ქართველებმა.
შემდეგ საქართველოში ჩამოვედით. 2019 წელს უვემ სამეფო უბნის თეატრში ინტერნაციონალური ფესტივალი გამართა, ჩამოიყვანა გერმანელი მუსიკოსები, მათ ახალგაზრდულ ორკესტრს მალე შეუერთდა ჩვენი კავკასიური კამერული ორკესტრი, და მათთან ერთად სოლო დავუკარით. მახსოვს, რაღაც მოხდა ჩემში, ისე თბილად მიმიღო მაყურებელმა.
იმ წუთასვე იკითხეს, სად იყავი, ბელა, აქამდე, გამოჩნდი, როგორც სოლისტი, შენ ჩვენ გვჭირდები. ასეთი სახის თხოვნა იყო. იქიდან კიდევ უფრო მეტად შევუდექით მე და უვე კონცერტების ჩატარებას, იმდენად კარგად მიგვიღო მაყურებელმა. სულ 5-6 საქველმოქმედო კონცერტი გავმართეთ და იქიდან ორი საქართველოში, დანარჩენი – გერმანიაში… ვცდილობთ, წელიწადში ერთი მსგავსი კონცერტი ჩავატაროთ.
– 2008 წლის ომის შემდეგ ისევ გერმანიაში დაბრუნდით… როგორია ბელა ბერკემერ-მახარაძის გერმანული, ასე ვთქვათ, ხანა, შემოქმედებითი თვალსაზრისით…
პატარა ქალაქ იბბენბიურენში ვცხოვრობ. 60 ათასი მაცხოვრებელია, თითქმის ყველა მიცნობს. ხშირად ვუკრავ კონცერტებზე, ვჩანვარ ქალაქში, ხშირად ვარ პრესის ფურცლებზეც… ძალიან ვუყვარვარ არა მხოლოდ ქალაქის შეფს, არამედ თითქმის ყველა ადამიანს, ვინც კი მიცნობს. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ასე კარგად მიმიღეს გერმანელებმა. კონცერტი ისე არ ჩაივლის, რამდენიმე გერმანელმა არ იტიროს. გერმანელებს  გულს ვუჩუყებთ მე და უვე. განსაკუთრებით ჩემი ემოციური გამოსვლები უჩუყებთ მათ გულს, აცრემლებული გერმანელი მაყურებელი დასველებულ ცხვირსახოცს მაჩვენებს, ისინი სიხარულის ცრემლებით გადიან დარბაზიდან. პირდაპირ მეუბნებიან, ასეთი რამ იშვიათად ხდება გერმანიაშიო.
ვმუშაობ მუსიკალურ სკოლაში, ჩემი მეუღლე კი – გიმნაზიაში, მყავს კერძო მოსწავლეებიც და ასე გაგვყავს დრო.
რა თქმა უნდა, პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. უნდა ვთქვა, რომ გერმანიაში დაბრუნებამ გამოიწვია ჩემს სოლოკარიერაში აღმასვლა.
ვიცი, მეუღლეს არ ესიამოვნება, მაგრამ ვიტყვი, რომ მანამდე ვიყავი ჩემი მეუღლის ჩრდილქვეშ. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა კამერულ ორკესტრში მუშაობა, მაგრამ თავად მე ძალიან მომწონს სცენაზე სოლისტის ამპლუაში ყოფნა. ჩემი მსმენელი ბედნიერია ჩემით, რაც ორმაგად მაბედნიერებს. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც უნდა მომხდარიყო.
– ხართ ტიტულის მფლობელი – „წარმატებული ემიგრანტი ქალი“, რომელიც 2018 წელს მოგენიჭათ… რა განცდაა, როცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ ხართ?
– 2018  წელს ავიღე „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ ტიტული და 2019 წელს მე და ჩემი მეუღლე გავხდით „ქართული ბრენდის“ ტიტულის მფლობელი ნომინაციაში – „რეპუტაცია და ნდობა“.
როგორ მოქმედებს ჩემზე წარმატება? – ძალიან კარგი კითხვაა, პირველად, როცა მომენიჭა „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ ტიტული, მივხვდი, რომ უკვე არ მქონდა უფლება, გართობად ჩამეთვალა ეს ყველაფერი, მანამდე ყოველთვის უფრო იმას ვფიქრობდი, რომ სცენაზე გამოვდიოდი ჩემი სიამოვნებისთვის. ამ ტიტულის შემდეგ კი, რადგან უკვე მიმიღეს, დამაფასეს, მაღიარეს, უფრო სერიოზულად მივუდექი სოლისტულ  კარიერას.
3-4 ტიტულის მფლობელი ვარ და ყველაზე დიდი ტიტულია ჩემი ქართველების სიყვარული. ხალხის სიყვარულია ყველაზე დიდი ჯილდო. უფალს ვთხოვ, არ ჩამომერთვას ეს ტიტული და ცხოვრების ბოლომდე მქონოდეს.
– პანდემიამ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. როგორი იყო თქვენი, როგორც მუსიკოსის კარანტინი?
– პანდემიიის გამო 4 სოლოკონცერტი ჩაგვეშალა. მაისში გერმანიაში დაგეგმილი გვაქვს კონცერტი, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ჩატარდება თუ არა.
ჩვენც ძალიან აგვირია კორონავირუსმა ცხოვრება და საგონებელში ჩაგვაგდო. იმის გარდა, რომ ეს სტრესია ყველა ადამიანისთვის, მართლა ძალიან ცუდია ყველაფერი, რაც ხდება მსოფლიოს მასშტაბით. იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება.
– ორი ქალიშვილი გყავთ… ისინიც მუსიკას გაჰყვნენ.  რა განცდაა, როცა ოჯახში ყველა მუსიკოსია?
ორი ქალიშვილი მყავს – ნინა და მარი ბერკემერები, ნინა 19 წლისაა, უნიჭიერესი, სულ რამდენიმე კვირაში დაამთავრებს მუსიკალურ ინტერნატ-გიმნაზიას ნიჭიერი ბავშვებისათვის და უკვე წავა კონსერვატორიაში, სტუდენტი გახდება. ფლობს სამ საგანს – ვოკალი, ვიოლინო და ფორტეპიანიანო. საბოლოოდ მაინც ალბათ ვოკალს აირჩევს,  უნდა, რომ საოპერო მომღერალი უნდა გახდეს.  უმცროსი მარი ჩელოს ეუფლება და ასევე მუსიკოსობას აპირებს. ვნახოთ, რა იქნება, თუმცა სიამოვნებით ვუკრავთ ერთად.

– საქართველოსთან დაკავშირებული სიახლეები. უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ კონცერტებს?
– ამ წუთას ვეღარაფერს ვეღარ ვგეგმავთ, რადგან 3 აპრილს კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნდა გვქონოდა კონცერტი და ჩაგვეშალა. ასე რომ, ველოდებით პანდემიის შემსუბუქებას თუ მოხსნას.
სიახლეა ის, რომ მე და უვე ერთობლივი სიდის ჩაწერას ვაპირებთ. ალბათ საქართველოში ყოფნის დროს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩავწერთ და შემდეგ სიდს აქ გამოვცემთ.
–  ჰობი…
– ძალიან მიყვარს ადამიანები, და ეს არის საუკეთესო ჰობი, რომ მოვესიყვარულო ადამიანებს და მათ ძალიან ბევრი დრო დავუთმო… ამას ვახერხებ ძირითადად ფეისბუქის საშუალებით, რომელიც უკვე ჰობი კი არა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, აქ ვეფერები ადამიანებს, ვეცნობი მათ წერილებს, უამრავ ადამიანს ვცემ პასუხს.
ძალიან მიყვარს ხატვა, მაგრამ უკვე აღარც მცალია ხატვისთვის, ცეკვა მიყვარს და, სამწუხაროდ, აღარც მისთვის მცალია, თუმცა სიმღერისთვის ყოველთვის ვიცლი და ჩემი განუყოფელი ნაწილია.
არ შემიძლია გვერდი ავუარო ერთ ამბავსაც. როგორც ჩემი მეუღლე მეუბნება, ჩემი ყველაზე დიდი ჰობი, ანუ რაც ყველაზე კარგად გამომდის, ეს არის ადამიანისთვის ნერვების მოშლა, მე მიშლი ნერვებსო. ნერვებზე თამაშობ, ხან ამათრახებ ადამიანს, ხან კიდევ თავზე ევლებიო. ეს არ ჩანს შორიდან, მაგრამ მართლაც ასეთი ვარ, ძალიან ფეთქებადი.
– ალბათ რაიმე ნატვრა არ აგისრულდათ… რას ინატრებდით?
– ჩემთვის პირადად არაფერს არ ვინატრებდი, ყველაფერი მომცა ცხოვრებამ, რაც მინდოდა, ყველაზე დიდი ბედნიერება კი  ის არის, რომ მე ქართველად დავიბადე, გურიის ულამაზეს სოფელ ნატანებში, მყვს უმაგრესი მშობლები. ისეთ მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე, სადაც მხოლოდ სიხარული და სიყვარული სუფევდა. მოსიყვარულე ბავშვი ვიყავი. სტუდენტობა ფანტასტიკური მქონდა…
იმდენად ჯინიანი და თავნება ბავშვი ვყოფილვარ,  მომითხოვია მშობლებისთვის, გადავეყვანე ბათუმის სასწავლებლიდან „ნიჭიერთა ათწლედში“, რათა დაჩქარებულიყო ჩემი წარმატება. დედაჩემს და მამაჩემს არ ჰქონდათ ამის საშუალება, დავემუქრე, რომ მეორე სართულიდან გადავხტებოდი და გავაკეთე კიდეც.
დედაჩემმა მომაძახა, კისერიც გიტეხიაო. ნამდვილად არ ელოდა, რომ მეორე სართულიდან გადმოვხტებოდი… მე კი თბილისელ ბებოს დავანახე  (მამაჩემის მამიდა იყო მაშინ სტუმრად), როგორ გადმოვხტი მეორე სართულიდან. შემდეგ მახსოვს, ისე ცუდად დავეცი, ერთი კვირა ფეხზე ვერ წამოვდექი. ასე რომ, ყველაფერი გააკეთეს, რომ „ნიჭიერთა ათწლედში“ გავეშვი.
ჩემით მივაღწიე ყველაფერს, მართლა ძალიან ბევრი ვიბრძოლე, რომ გავმხდარიყავი ის, რაც დღეს ვარ. ძალიან ბევრს ვშრომობდი, როგორც ზემოთ გითხარით, ჩემი სათამაშოები შეცვალეს ინსტრუმენტებმა – ვიოლინომ და ფორტეპიანომ, 5-5 საათი ვმეცადინეობდი დღეში. შემდეგ უკვე ვიოლინოს 5-დან 8 სააათამდე ვმეცადინეობდი…
ის, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს, უვე ბერკემერი, ჩემთვის გიგნატი გერმანელია. ფანტასტიკური მუსიკოსი, ალბათ ვერც ვინატრებდი გვერდით ასეთს, მაგრამ მადლობა უფალს, რომ შემხვდა ასეთი და ყველანაირად მაგარი ადამიანია.
მყავს არაჩვეულებრივი მშობლები, ძამიკო, ლამაზი ოჯახით,  ბრწყინვალე მეუღლე და გოგონები, ანუ არაფერს ვინატრებდი, გარდა მშვიდობისა, რომ უფალმა დაგვიფაროს ყველა დედა განსაცდელისგან, ყველა ბავშვი ავადმყოფობისგან და ყველა დედას თავისი პირმშო ბედნიერი უმყოფოს.
მსოფლიოს ვუსურვებდი მშვიდობას, რადგან მშვიდობა თუ იქნება მსოფლიოში, ყველაფერი კარგად იქნება. და საქართველოს გაბრწყინებას ვისურვებდი, წელში გამართულ საქართელოს ვისურვებდი, გახარებულ და გალაღებულ ქართველებს გულში ჩავიკრავდი დიდი სიამოვნებით. მე ძალიან მიყვარს საქართველო.

                                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები