მსჯავრდებულის დედა: ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს

“ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს”, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ა.ქ.-ს დედამ, ნინო ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა იყო.

„აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა. როგორც „შეკერეთ“, ისე გახსენით ეს საქმე და შვილი გამითავისუფლეთ. ხალხი „აგვიბუნტეს“ რომ მკვლელი შვილები გვყავს. ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს. 12 წლის მერე მე ცოცხალი არ ვიქნები და ვინ მომხედავს? წყლის მომტანი არ მყავს. საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს”, – განაცხადა ნინო ქვრივიშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14-წლიანი სასჯელი მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.

ამავე საქმეზე მოსამართლემ სამ ბრალდებულს 16-16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები