ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს ლევან მამალაძის შეწყალება სთხოვა
„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარული სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლევან მამალაძის შეწყალება სთხოვა.
„ჩვენი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების ამნისტირებაზე, თავისი პრინციპებითა და შეხედულებებით. იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც თხოვნით, შუამდგომლობით, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შეიწყალა. ხალხს, რომელსაც ჰქონდა მილიონები მითვისებული და ათასი სხვა რამ. რა გახდა ლევან მამალაძის შეწყალება. ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია, საქართველოში არ არის. ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავია, მე მას უბრალოდ ვიცნობ და გული მტკივა. რა გააკეთა ამ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო, თუ რამე მოიპარა ამ 19 წლის განმავლობაში, ხომ გამოჩნდებოდა. კანონის უზენაესობა თუ არ იქნება ყველას მიმართ, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ლევან მამალაძეს 17 წელი აქვს მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნება. ლევან მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა.