სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრმა სასწავლო პროცესი დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სასწავლო პროცესი კანდიდატთა პირველი ნაკადისთვის დღეს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში მსმენელები, ახლადდანერგილი განგრძობადი პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში, სპეციალურ საორიენტაციო პროგრამას გაივლიან, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა.
კანდიდატებს სასწავლო ცენტრის დირექტორი – გიორგი ვაშაკიძე და ინსტრუქტორები შეხვდნენ, რომლებმაც მსმენელებს პროგრამის დეტალები გააცნეს.
„საორიენტაციო პროგრამა შემუშავდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭირდო თანამშრომლობით. იგი ასახავს უსაფრთხოების სფეროში სწავლების საუკეთესო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს. პროგრამის ფარგლებში, კანდიდატები დაეუფლებიან სხვადასხვა დისციპლინას. სასწავლო პროგრამა გამდიდრებულია იმ ცოდნითა და უნარებით, ასევე, როლური თამაშებითა და სიმულაციებით, რომელიც ჩვენს კანდიდატებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად დაეუფლონ პროფესიულ უნარებს”, – აღნიშნა გიორგი ვაშაკიძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სპეცმომზადებისა და გადამზადების, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სასწავლებელია. თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის, უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების გამოყენებით, უზრუნველყოფს სრულ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი გასული წლის დეკემბერში გაიხსნა, დღემდე ცენტრში დისტანციური სწავლის პროცესი მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები