ირაკლი კოვზანაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში – აკირა იმამურთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები უკვე წლებია დინამიურად ვითარდება და თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გაიხსენა მისი ვიზიტი იაპონიაში 2013 წელს. „მაშინ შეხვედრა გაიმართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და იაპონიის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ასოციაციის ROTOBO-ს ხელმძღვანელობასთან, რამაც ხელი შეუწყო იაპონური ბიზნეს კომპანიების, ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო დაინტერესებასა და იაპონური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
შეხვედრის დასასრულ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიპლომატს იმ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც იაპონიის მთვარობამ საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები