არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან თუ შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, ვფიქრობ, შეთანხმება მიღწევადია

“ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან თუ შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, ვფიქრობ, ეს შეთანხმება მიღწევადია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, დანეილსონთან ინდივიდუალურ ფორმატში შეხვედრები გრძელდება და ფიქრობს, რომ დღის ბოლომდე დროს მაქსიმალურად გამოიყენებენ, რათა პოზიციები დააახლოონ.

„ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან თუ შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, ვფიქრობ, ეს შეთანხმება მიღწევადია. ჩვენ სწორედ ამ კუთხით ვხედავთ ამ შეთანხმებას და პირობებს, რომელიც განიხილება. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იქნება ანალოგიური მიდგომა.

ვიცავთ მოლაპარაკების წესებს და დეტალებზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო უახლოეს პერიოდში საზოგადოება არ იქნება სრულად ინფორმირებული, თუ რამდენად კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივი და სამართლიანი პოზიციები ჰქონდა მმართველ გუნდს ამ მოლაპარაკებებში.

სავარაუდოდ, დღეს იქნება რამდენიმე ასეთი შეხვედრა, მათ შორის განმეორებით ჩვენთან. ვფიქრობ, დღეს, დღის ბოლომდე დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ დავაახლოოთ პოზიციები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

ამ წუთებში კი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წევრებს, სალომე სამადაშვილს, აკაკი მინაშვილსა და ხათუნა სამნიძეს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები