არჩილ თალაკვაძე: გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას
“ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და დიალოგში პარტნიორების მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს.
„ძალიან მკაფიოდ მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, „ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის. ასევე, ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად, მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას. ვაფასებთ ასევე ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და რა თქმა უნდა, გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა და რასაკვირველია, თუ ვინმეს სურს, პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ ამ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ზიზღი, არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა და საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი. ამ დიალოგში ვფიქრობ, ჩვენ მოგვეცა საშუალება როგორც ხელისუფლებას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ უფრო დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი, რა გამოწვევები და საჭიროებები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთი რამ არის ცალსახა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა სწორედ გამოხატავს ამ მხარდაჭერას“,- განაცხადა თალაკვაძემ.