სოსო თოფურიძეს ბულგარეთიდან საქართველოში ექსტრადირება ემუქრება

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, იოსებ თოფურიძე შესაძლოა, ბულგარეთიდან საქართველოში იყოს ექსტრადირებული.

აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე, გააკეთებს თუ არა შესაბამის განაცხადს საქართველო.

ამის შესახებ “თავისუფალი ევროპა” წერს.

აღინიშნება, რომ თოფურიძე ამჟამად ბულგარეთში ცხოვრობს, სადაც ლტოლვილის სტატუსის მისაღებად შესაბამის უწყებას 2019 წლის ივნისში მიმართა, თუმცა, იმავე წლის დეკემბერში მას უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ ბულგარეთის ლტოლვილთა სააგენტომ ვერ მოიპოვა იმის მტკიცებულება, რომ ის სამშობლოში იდევნება.

თოფურიძემ სოფიას სასამართლოს მიმართა, თუმცა, აქაც იგივე პასუხი მიიღო და საკითხი გაასაჩივრა შემდგომ ინსტანციაში. სასამართლოს სხდომა წლის დასაწყისში ჩატარდა, სადაც თოფურიძე საქართველოს პოლიციის მოთხოვნით იქნა დაკავებული.

კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პატიმრობაში სამი დღე გაატარა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ამჟამად, ის არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, არამედ – ექსტრადაციის შესახებ საქართველოს მოთხოვნასაც.

მისი ადვოკატი, ვანია ტრაიანოვა ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა, ის კვლავ დააპატიმრონ.

თოფურიძე საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე. თოფურიძესთან ერთად, იმავე საქმეზე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს კუდ-ის ყოფილი დირექტორი – დათა ახალაია (სოსო თოფურიძე დათა ახალაიას მოადგილე იყო), კუდი-ის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი – გერონტი ალანია და ოპერატიული თანამშრომელი – ოლეგ მელნიკოვი.

პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 5 იანვარს ახალაიამ, თავის მოადგილეს იოსებ თოფურიძესთან, გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვსა და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს „მოდულის“ შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან “ველ სახლში” შ.ს. მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს.

მელნიკოვზე, დათა ახალაიაზე, გერონტი ალანიასა და თოფურიძეზე ინტერპოლით ძებნა 2012 წელს გამოცხადდა.

როგორც “კვირას” საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, “ძებნილი სოსო თოფურიძის ექსტრადირების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები