ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას

მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ ეტაპზე დღეს მხოლოდ ორმა სტარტაპმა გაიმარჯვა, მიგვაჩნია, რომ ყველა კომპანია, რომელიც ფინალამდე მოვიდა, გამარჯვებულია – მათ, ერთი მხრივ, გავლილი აქვთ ინტენსიური აქსელერაციის პროცესი, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო და ბიზნესი მათ მხარში უდგათ, რათა მათ საკუთარი პროექტები უფრო მეტად განავითარონ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას პროგრამის 500Georgia – ის ფინალური ეტაპის დასრულებისა და გამარჯვებული სტარტაპერების გამოვლენის შემდეგ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 500Georgia პროგრამის მონაწილე ორი სტარტაპი Payze და Agrolabs სილიკონ ველიზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან აქსელერაციის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე გადასული 10 სტარტაპიდან აარჩიეს.

მათივე ცნობით, ფინალში წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან 4 უცხოურია. ისინი ლატვიაში, უკრაინასა და ესტონეთშია დაფუძნებული. 500Georgia პროგრამას საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური სტარტაპ აქსელერატორი 500 Startups – ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შემოვიდა საქართველოში.

“საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მთელი რიგი პროგრამები დაინერგა. სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აქსელერაცია. შარშან, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩვენ საქართველოში შემოვიყვანეთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups – ი. შემოსული 100 განაცხადიდან მასთან თანამშრომლობით შეირჩა საუკეთესო სტარტაპები, რომელმაც ძალიან ინტენსიური აქსელერაცია სწორედ 500 Startups – ის მენტორების და ექსპერტების დახმარებით გაიარეს,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. მათი ინფორნაციით, 2010 წლიდან კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2500–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც აქსელერაციის და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები