რატი იონათამიშვილი: ტელეკომპანიაში შეჭრაზე საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, მსგავსი ქმედების განხორციელებას არავინ აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიაში შეჭრაზე საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მსგავსი ქმედების განხორციელებას არავინ აპირებს.
მისივე თქმით, აუცილებელია ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა.
„ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ გამოძიების, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესია, დადგინდეს, ვინ და რა პირობებში მოახერხა 2011 წელს უკანონო ჩანაწერების შენახვა, შემდეგ მისი გავრცელება, ფაბრიკაცია. ეს მიზნები და ამოცანები აქვს გამოძიებას, სწორედ იმისთვის მიმართა „ტვ პირველს“, რომ ეს მასალა მოეპოვებინა და საზოგადოების კითხვებს პასუხები უსწრაფესად გასცეს. ტელეკომპანიაში შეჭრაზე საუბარი ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მსგავსი ქმედების განხორციელებას არავინ აპირებს, შესაბამისად, ასეთი პროპაგანდა არის არარელევანტური და უხერხული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.