ჯანმო: მსოფლიოში ინფიცირების რიცხვი ერთ კვირაში 2%-ით გაიზარდა, ლეტალობის მაჩვენებელმა კი 6%-ით იკლო

მსოფლიოში 1-7 მარტის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 22-28 თებერვლის პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. ამასთანავე, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 6%-ით იკლო.

შესაბამისი მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენში აისახა.

“გლობალური მასშტაბით ქვეყნების ნახევარში ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა, მეორე ნახევრის შემთხვევაში, პირიქით, გაიზარდა”, – აღნიშნავენ ჯანმო-ში.

ეპიდემიოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, 1-7 მარტის პერიოდში მსოფლიოში ინფიცირების 2 734 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ამავე პერიოდში ვირუსს 60 323 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირების შემთხვევების მატება ამ პერიოდში შეინიშნებოდა აფრიკაში – 10%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში – 10%-ით, ასევე ევროპაში 4%-ით. ამასთანავე, აღინიშნება, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში 9%-ით მაშინ, როდესაც დანარჩენ რეგიონებში შემცირდა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში 7 დღის გამავლობაში ვირუსით 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 32 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ევროპაში 1,1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, ასევე, 20 ათასზე მეტი ლეტალური ფაქტი.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში 228 ათასზე მეტი ინფიცირებული და 2,7 ათასზე მეტი გარდაცვლილი იყო.

აშშ-ში ერთ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი 427 ათასით გაიზარდა; ბრაზილიაში 413 ათასზე მეტით; საფრანგეთში 143 ათასზე მეტით; იტალიაში 138 ათასზე მეტით; ინდოეთში 115 ათასზე მეტით; პოლონეთში 87 ათასზე მეტით; ჩეხეთში 85 ათასზე მეტით; რუსეთში 76 ათასზე მეტით; თურქეთში 76 ათასზე მეტით; ირანში 58 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები