ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან საბოლოოდ გაათავისუფლა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულად დღეიდან ითვლება, რადგან პრეზიდენტმა პრემიერის განკარგულებას არ მოაწერა ხელი და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის მთავრობის საიტზე განთავსდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს, კანონის შესაბამისად, 25 თებერვალს წარედგინა ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულების პროექტი. 27 თებერვალს პრემიერის აპარატმა პრეზიდენტის უარი მიიღო, თუმცა, არმენ სარქსიანის მოსაზრებები პრემიერმა არ გაიზიარა და 28 თებერვალს პრეზიდენტს შესაბამისი განმარტებებით წერილი გაუგზავნა.

“იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერის მიერ წარდგენილ პროექტს და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კანონით გათვალისწინებულ ვადებში, 10 მარტიდან გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 თებერვალს გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. საპასუხოდ, სომხეთის პრემიერმა თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შუამდგომლობით პრეზიდენტს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები