„მშენებლობის პროცესში შეიძლება, გამოჩნდეს დამატებითი გარემოებები, რომლებიც ასევე უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული, წინასწარი კვლევა 100%-ით ყველაფერს ვერ ამოწურავს“

„მშენებლობის პროცესში, შეიძლება გამოჩნდეს დამატებითი გარემოებები, რომლებიც ასევე უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული. წინასწარი კვლევა 100%-ით ყველაფერს ვერ ამოწურავს“, – ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, დაგეგმილია დამატებითი კვლევების ჩატარების საკითხიც. “დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე, წყალმიმღების ტერიტორიაზე, ასევე გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე. კვლევის ანგარიშში მოცემული ინფორმაციით კაშხლის დაფუძნება აბსოლუტურად მკვრივ ქანებში განხორციელდება, რაც ამცირებს გეოლოგიურ რისკებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით (12, 13, 14, 16, პუნქტები), შპს ,,ენკა რინიუებლზს” გეოლოგიური კუთხით დაევალა შემდეგი პირობების შესრულება: • შპს ,,ენკა რინიუებლზმა” მშენებლობის დაწყებამდე და მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე უზრუნველყოს ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტების განლაგების და მათ მიმდებარედ არსებულ მეწყრულ უბნებზე პერიოდული ვიზუალური მონიტორინგის წარმოება (განსაკუთრებით წყალსაცავის მდგრადობაზე მათი გავლენის კონტროლის მიზნით) და მიღებული შედეგების 6 თვეში ერთხელ სამინისტროში განსახილველად წარმოდგენა; • შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს N6 მეწყერზე (გონის მასივი) ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემის მოწყობა და ამ მიზნით შესაბამისი წინასწარი კვლევების ჩატარება და შედეგების სამინისტროში წარმოდგენა. აღნიშნული კვლევების განხორციელება დასაშვებია ჰესის მშენებლობის პარალელურად, ხოლო მონიტორინგის სისტემის ინსტალაცია უზრუნველყოფილი უნდა იქნას წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეწყრულ სხეულზე გათვალისწინებულია პიეზომეტრების და ინკლინომეტრების მოწყობა (რისთვისაც საჭირო გახდება ჭაბურღილების გაყვანა), მეწყრული სხეულის სიმძლავრის (ცოცვის სიბრტყე ან შესუსტების ზონის მდებარეობა სიღრმეში) დადგენის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ჭაბურღილების გაყვანის შედეგად მიღებული ინფორმაციის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა; • შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს როგორც სადერივაციო, ასევე მიმყვანი გვირაბის მარშრუტის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (გვირაბის მშენებლობის პარალელურად) და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში; • შპს ,,ენკა რინიუებლზმა” უზრუნველყოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყაროების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა სამინისტროში (წელიწადში ერთხელ). განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების ობიექტებზე და ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენით მათი დებიტის შესაძლო შემცირების, ან დაკარგვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ალტერნატიული წყალმომარაგებით. მშენებლობის პროცესში აუცილებელია წყაროების რეჟიმზე დაკვირვება. წყაროებზე ზემოქმედება გამორიცხულია, თუმცა პირობაზე მითითებულია ასევე ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის შესახებ. ასევე მეწყრული უბნები შეფასებულია, თუმცა სტანდარტები ითვალისწინებენ პარალელურ რეჟიმში კვლევების ჩატარებას. გვირაბის გაყვანის პარალელურად, კომპანიას დაევალა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში. მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში სტანდარტები ითვალისწინებს მშენებლობის პროცესში პარალელურად დეტალური კვლევების ჩატარებას”, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები