მკვლელობა ბერლინში: როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახური ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელის მეუღლეს მალავს

Der Spiegel-ის, Bellingcat-ისა და The Insider-ის ყურადღების ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე კვლავ მოხვდა. ცნობილმა და გავლენიანმა ჟურნალისტმა გამომძიებლებმა ახალ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაკვლიეს.

გამოცემები აცხადებენ, რომ ФСБ-მ არა მხოლოდ ხანგოშვილის მკვლელს, ვადიმ კრასიკოვს შეუქმნა ყალბი იდენტობა, არამედ – მის ცოლსაც.

2019 წლის დეკემბერში, კრასიკოვზე პუბლიკაციების გავრცელების შემდეგ, მისი მეუღლე, მოგონილი სახელისა და გვარის გამოყენებით, მოსკოვიდან ყირიმში ჩაფრინდა. ის ქმრის მობილურ ტელეფონს ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი იყენებდა. სატელეფონო კავშირებისა და ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ ამ ქალბატონმა ტელეფონი დომოდევოს აერპორტში 2019 წლის 6 დეკემბერს გამორთო, ხოლო ჩართო უკვე 7 დეკემბერს, ყირიმში ჩასვლის შემდეგ. იმავე რეისით მიფრინავდა მისი ქალიშვილიც, რომელსაც საპასპორტო მონაცემები ასევე შეცვლილი ჰქონდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ქილერ კრასიკოვის მეუღლე რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გააცილეს. ბერლინში კრასიკოვის დაკავების დღეებში მისი ცოლი ხშირად ურეკავდა ფსბ-ს ერთ-ერთ თანამშრომელს ქმრის ტელეფონიდან. ამას გარდა, ისიც ირკვევა, რომ იმ თვითმფრინავში, რომელიც ყირიმში გაფრინდა, სავარაუდოდ, გენერლის წოდების მქონე, ფსბ-ს მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. ამ მგზავრობის შემდეგ, ის ყირიმში უკვე თითქმის ყოველ თვე ჩადიოდა. ევროკავშირის საკონსულო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სანამ  ხანგოშვილის მკვლელობა მოხდებოდა, აღნიშნული მაღალჩინოსანი 90-დღიანი ვიზის აღებას ცდილობდა, რომელიც ვერ მიიღო.

ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური, ზელიმხან ხანგოშვილი  2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. 2015 წელს, თბილისში ცხოვრებისას მას თავს დაესხნენ, თუმცა, გადარჩა. ამის შემდეგ მან თავშესაფარი  გერმანიაში ითხოვა და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა.

ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, დანაშაულის ჩადენის ბრალდებით  რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ჰქონდა პასპორტი, 1970 წელს დაბადებულ ვადიმ სოკოლოვის სახელზე. გერმანელმა სამართალდამცველებმა ასევე იპოვეს მკვლელის ველოსიპედი და პისტოლეტი: მკვლელმა იარაღი მდინარე შპრეეში გადააგდო და დანაშაულის ადგილის დატოვება ველოსიპედით სცადა. ამ დროისთვის, ხანგოშვილის მკვლელს  ბერლინში ასამართლებენ. ცნობილია, რომ დანაშაულის ჩადენამდე ის რეგულარულად ურთიერთობდა ФСБ-სთან და რუსული სპეციალური ძალების ერთ-ერთ ცენტრში მომზადებას გადიოდა. ვადიმ კრასიკოვი უარყოფს, რომ ეს მისი ნამდვილი სახელია და დღემდე ამტკიცებს, რომ სოკოლოვია. არა და, Insider- მა, Bellingcat- მა და Der Spiegel- მა ერთობლივ გამოძიებაში გაარკვიეს, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ არცერთ მონაცემთა ბაზაში არ არსებობს და დაასკვნეს, რომ ამ პირს ასეთი დოკუმენტებით საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების დახმარებით შეეძლო.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ „სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ ნიკოლაევიჩი კრასიკოვია (დაიბადა 08/10/1965). 2015 წლამდე ის ყაბარდოელი  ბიზნესმენის მკვლელობის გამო ძებნაში იყო რუსეთის მასშტაბით, შემდეგ კი მის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული გახდა.

”ის, რომ ფსბ-მ მისი ცოლი ყალბი პირადი იდენტობით უზრუნველყო, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტიერგარდენში მომხდარი მკვლელობის უკან რუსეთის სახელმწიფო დგას”, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

გერმანიის მთავრობასა და ფედერალურ პროკურატურას მიაჩნია, რომ ხანგოშვილზე მკვლელობა რუსეთის სამთავრობო უწყებების დაკვეთით განხორციელდა.

ელისო რაზმაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები