პროკურატურამ სოფელ სართიჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის მუნიციპლიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ზ. ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების, ხოლო ზ. მ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 მარტს, სოფელ სართიჭალაში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ზ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზ.ს.-ს თავისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენა.
„აღნიშნულის შემდგომ ზ.ს.-მ შურისძიების მოტივით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ავტომანქანაში მყოფი შ.ქ.-ს, თ.გ.-ს და ზ. მ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შესეგადაც მიღებული დაზიანებებით შ.ქ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო თ.გ. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
სამართალდამცველებმა ზ.ს. და ზ.მ. 4 მარტს დააკავეს. ზ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება), ხოლო ზ.მ.-ს 19 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.