სოზარ სუბარი: თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება, ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს
“თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება, ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი პლებისციტთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი პლებისციტი იქნება.
„გამოდის ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის არის აბსოლუტურად მისაღები, მერე გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ამას ვინც ამბობს, ის არის მოღალატე და ეს არის „ქართული ოცნების“ თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული აზრი, ჯერ ჩამოყალიბდნენ რა არის, რასაც ისინი ითხოვენ, რა უნდათ. თუ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამაზე უკეთესი შეთავაზება ვიდრე არის საგამოძიებო კომისია, უბრალოდ არ არსებობს, ამის შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი გამოშვება არის პირადად მელიას ან ამ ადამიანების ხელში, ეს არის უმარტივესი თემა, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ზუსტად ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პლებისციტის მიუღებლობაზე ლაპარაკობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად ვერ ვხედავ პლებისციტის რაიმე აზრს, თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, აგერ შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება, ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს, ეს არის ერთგვარი პლებისციტი”, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: “ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი, პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი, რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, რათა მოისყიდოს დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი”.