„ბევრი მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობები უფრო რაციონალური გახდეს“ – ზაალ კასრელიშვილი

“ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთოებები უფრო რაციონალური გახდეს”, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კასრელიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს გამოეხმაურა.

ეს არაოფიციალური ვიზიტი იყო, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შორის კავშირები პიროვნული ურთიერთობების დონეზე შენარჩუნდა. პირადად მე აფხაზეთში მეგობრები მყავს. ომის შემდეგ პატარა პაუზა იყო და შემდეგ ურთიერთობები ისევ აღდგა. ისინი აქ, ჩემთან ნამყოფები არიან, რაღა დაგილამოთ და, მეც ნამყოფი ვარ იქეთ, ძალიან კონსპირაციულად შემიყვანეს. ურთიერთობები იქნება, იყო და არის. მთავარია ამ ურთიერთოების სისტემატიზაცია. იქ, სადაც საქმიანი ურიერთობები ლაგდება, შემდეგ ყველაფერი ლაგდება. რა თქმა უნდა, ეს ვიღაცას არ მოსწონს, ამას ყოველთვის მოწიანააღმდეგეები ეყოლება.
ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთოებები უფრო რაციონალური გახდეს. ამის პოტენციალი, რესურსი, გარკვეულ წრეებში ამის ნებაც არის. ამისთვის ერთიანი მექანიზმის, სისტემის შექმნაა საჭირო, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში არაა. 90-იან წლებში აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ხალხმა და ჯარმა არ წააგეს, წააგეს პოლიტიკოსებმა, რომლებმაც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა სათამაშო დაფაზე თავისი კერძო ინტერესების, კარიერის საპირწონედ დადეს. სანამ ჩვენ სამხედრო მოქმედებებში ღალატით დავმარცხდებოდით, ინფორმაციული ომი წავაგეთ. ინფორმაციულ ომს ახლაც ვაგებთ. საქართველოში 1992 წლის სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების ერთიანი ცენტრი არ შეიქმნა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს აფხაზეთში ე.წ ხელისუფლება პროაფხაზურია, ოპოზიცია კი – პრორუსული.

„რა თქმა უნდა, აფხაზეთში არის ოპოზიცია და კვირაიას ვიზიტის ამბავს აფხაზეთის ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ ვაგებთ ინფორმაციულ ომს. ძალიან მარტივად ვეტყვი ყველას, აფხაზმა ახალგაზრდამ არ იცის არც აფხაზეთის, არც საქართველოს, არც კავკასიის ისტორია. ე.წ. ვორონოვის თეზისები აქვთ, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო აფხაზეთში. მან ისტორია, პრაქტიკულად, გააყალბა, გადაწერა. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
დღეს აფხაზეთში პროაფხაზური ე.წ. ხელისუფლებაა, პრორუსული არაა. რა თქმა უნდა, რუსეთთან კარგად არიან და ეს მათი ხელშეუხებლობის გარანტიაა. იმასაც ფიქრობენ, პროცესები ისე მიდის რეგიონში, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება, მათ საერთაშორისო ორგანიზაცებთან პირისპირ საუბარი მოუწიოთ. ამიტომ ცდილობენ, სუბიექტად დაფიქსირდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ოპოზიცია პრორუსულია, რომელიც კვირაიას ვიდეოს გავრცელების შემდეგ უკმაყოფილოა. აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, ისევე როგორც კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები რუსეთის სპეცსამსახურების ხელშია. რუსები ერთი ყურმილით აფხაზეთის ხელისუფლებას ესაუბრებიან, მეორე ყურმილით კი – აფხაზეთის ოპოზიციას.
აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთოებების პერსპექტივა არსებობს, საქართველოს ხელისუფლებამ დროა, თავისი შესაძლებლობები სისტემაში მოაქციოს“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას განცხადებით, “საქართველოში იმყოფებოდა და კიდევ ჩავა”, რომ აფხაზეთისთვის ბევრი ინვესტიცია მოიზიდოს.

ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

“მზად ვარ, პასუხი ვაგო ჩემს თითოეულ სიტყვასა და ქმედებაზე. საქართველოში ვიყავი ჩასული არა პრეზიდენტის დავალებით, ვიყავი მასთან შესული და ვუთხარი, რომ მისი სახელით ჩავიდოდი, მაგრამ მან კატეგორიული უარი მითხრა, სანამ ჩემი მრჩეველი იქნები – საქართველოს ვერ ესტუმრებიო. 19 თებერვალს ჩავაბარე მოწმობა. არასდროს ვყოფილვარ მის კაბინეტზე მიჯაჭული. ეკონომიკურ საკითხებში ვეხმარებოდი. დიახ, ვსტუმრობდი საქართველოს. ხვალაც ჩავალ. ეს ჩემი კერძო ვიზიტია. ჩავედი იქ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი ინვესტიცია მომეზიდა. მინდა პორტის მშენებლობის დაწყება, დიდი სასტუმროების აშენება, აფხაზეთში ძალიან ბევრი ფულის ჩატანა მინდა, რომ ჩემი ხალხი სიღარიბეში კი არა, კარგად ცხოვრობდეს. სანამ ცოცხალი ვარ, ამას გავაკეთებ”, – თქვა მან.
თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კვირაიას ვიზიტის შესახებ პირველ მარტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან გახდა ცნობილი, სადაც ის ბულგარეთში მყოფ ქართველ მეგობარს სადღეგრძელოს უძღვნის და ამბობს, რომ ქართველებთან მეგობრული თანაცხოვრებაა საჭირო.
აღნიშნულმა ვიდეომ აფხაზური საზოგადოების ნაწილსა და ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები