“ოპოზიციურმა პარტიებმა შარლ მიშელისთვის მიცემული პირობა დაარღვიეს და, გიგა ბოკერიას პირით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია გაასაჯაროეს”

შარლ მიშელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები 6-პუნქტიანი შეთანხმების ჩარჩო ხელშეკრულებაზე შეჯერდნენ. რას დათმობენ და რას ვერა პოლიტიკური ჯგუფები. რა შეიძლება, აღმოჩნდეს ის წყალგამყოფი, რომელსაც პრინციპული პოლიტიკური მოსაზრების გამო მხარეები ვერ შეელევიან – ,,კვირა“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ალუდა ღუდუშაურს ესაუბრა:

-ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე ოპოზიციასა და პოზიციას შორის მხოლოდ მომავალი ხელშეკრულების კონტურები გამოიკვეთა. კერძოდ, რა მუხლებზეა საუბარი?

-მოლაპარაკების პროცესში მხარეები მხოლოდ ჩარჩო ხელშეკრულებაზე შეჯერდნენ, რომელზეც მხარეებს არ უნდა ესაუბრათ იქამდე, ვიდრე დოკუმენტი საბოლოო იურიდიულ სახეს არ მიიღებდა. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს შეთანხმება დაარღვიეს და გიგა ბოკერიას პირით გააჟღერეს ზოგიერთი მუხლი, ვიდრე პოზიცია-ოპოზიცია საბოლოო შეთანხმებამდე მივიდოდნენ.

-რატომ უნდა დარჩენილიყო საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული ჩარჩო ხელშეკრულების მუხლები?

-ასეთი იყო თავად ფასილიტატორის, შარლ მიშელის თხოვნა, რომელსაც ორივე მხარე დაეთანხმა, რათა მომდევნო დღეებში ეს თემა სპეკულაციის საგანი არ გამხდარიყო. ოპოზიციამ ეს მოთხოვნა 12 საათში, შარლ მიშელის წასვლისთანავე დაარღვია და ჩვეულ დესტუქციას მიჰყო ხელი, რაც, ჩემი აზრით, დიდი უპასუხიმგებლობაა როგორც პოზიციის, ისე – ფასილიტატორის წინაშე. ასეთი დესტრუქცია, ,,შვიშტოკით“ ხელში პარლამენტის პიკეტირება ხელს არ უწყობს მოლაპარაკებათა პროცესს.

-2-კვირიან ვადაში ოპოზიცია და პოზიცია შეძლებენ, შეჯერდნენ მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე?

-ხელისუფლება ამ საკითხს უფრო ფართო ხედვით განიხილავს. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისთვის ჯანსაღი ოპოზიციური ძალა აუცილებელია. ისეთი ოპოზიცია, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს, ქვეყანას არ ეკადრება. ოპოზიცია, რომელიც ამუნათებს საკუთარ ამომრჩეველს, ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს, იმუქრება ძალადობით და სახელმწიფო მოხელეებს აყენებს შეურაცხყოფას, ევროპული ხედვის სახელმწიფოს არ ეკადრება. მიუხედავად ყველაფრისა, მმართველი გუნდი ცდილობს, შეხების წერტილები იპოვოს ასეთ ოპოზიციასთან, რათა ქვეყნის დემოკრატიული პროცესები არ დააბრკოლოს. ამასთან, ოპოზიციას უნდა ახსოვდეს, რომ დესტრუქციის სივრცე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დაკეტილია, ამ დღის წესრიგით ისინი ვერც საქართველოს მოსახლეობას აცხოვრებენ და ვერც – ხელისუფლებას. საქართველო უნდა შედგეს ევროპულ ქვეყნად და ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, რომლისკენაც ისტორიულად მუდამ ვისწრაფვოდით.

-რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის ის მთავარი წყალგამყოფი, რაზეც მხარეები ვერაფრით თანხმდებით. ჩარჩო ხელშეკრულებაში ჩაიწერა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. მოლაპარაკებათა პროცესის გასაგრძელებლად ხელისუფლებამ შესაძლოა, უკან დაიხიოს და რიგგარეშე არჩევნებზე დათანხმდეს?

-,,ქართული ოცნება“ უკან არ იხევს, რიგგარეშე არჩევნების თემა მოლაპარაკებათა მაგიდაზე არ განიხილება. მთელმა ევროპამ, მეგობარმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, დამკვირვებლებმა და უცხოურმა ორგანიზაციებმა 31 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს, როგორც დემოკრატიული, რომელშიც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იყო დაცული. ამიტომაც, მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჩაატაროს ქვეყანამ ხელახალი არჩევნები, არ არსებობს. სამწუხაროდ, ქართულ მედიას ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია ერთი მთავარი გარემოებისთვის: შარლ მიშელი, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, საოკუპაციო ხაზთან მივიდა, ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და სწორედ იქედან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები. სწორედ ასეთი სახის განცხადებებს ელის საქართველო ევროპისგან, რადგან რუსეთთან პირისპირ აღმოჩენამ, მსოფლიო თანამეგობრობის გარეშე, შესაძლოა, კვლავ 2008 წლის ომის შედეგებთან დაგვაბრუნოს. შარლ მიშელის ვიზიტმა ცხადყო, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროპისა და დემოკრატიული სამყაროსთვის. ამიტომ, ასეთი სახის ვიზიტების შემდეგ საქართველომ ის შედეგი უნდა მიიღოს, რომელიც მას ეკადრება. დაძაბულობა, დესტრუქცია და მარადიული ბოიკოტი ქვეყანაში მხოლოდ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აძლევს ხელს. საქართველოს პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით, რომელმაც საარჩევნო დარღვევები უნდა შეისწავლოს. არჩევნების გაყალბებაზე საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი პილიტიკური სუბიექტი ლაპარაკობდა, თუმცა, პრეცედენტი იმისა, რომ მოხდეს ამ დარღვევების საპარლამენტო დონეზე შესწავლა, მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოხდა. მე ამ კომისიის შემადგენლობაში შევდივარ, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ვეპატიჟებით, ვინც დღეს ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მობრძანდნენ, მოიტანონ გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტები, არსებობს უამრავი ვიდეომტკიცებულება საარჩევნო პროცესისა. განვიხილოთ ყველა დეტალი და თუ აღმოჩნდება, რომ არჩევნები თუნდაც მინიმალური პროცენტით გაყალბდა, ხელისუფლება მზადაა, დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომები გადაიცემა ,,ლაივ,, რეჟიმი, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, უცხოელებსაც საშუალება ექნებათ, დააკვირდნენ პროცესებს და გააკეთონ საკუთარი შენიშვნები, გამოთქვან აზრი. ყველა ოპოზიციურ აზრს, ყველა წინადადებას კომისია ყურადღებითა და გულდასმით მოისმენს. თუ ოპოზიცია ასეთ შანსს არ გამოიყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ დაკარგავენ სახეს და უარს იტყვიან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები