მცხეთაში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების არეალში კულტურული ფენების დაზიანების ფაქტი გამოვლინდა

ქალაქ მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების – სამთავროს მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და ჯვრის მონასტრის ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, კერძო მესაკუთრის ეზოში კულტურული ფენების დაზიანების ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
„სააგენტოში შესული შეტყობინების საფუძველზე, მდგომარეობის შესაფასებლად ადგილზე მივლინებული ინსპექციის სპეციალისტთა ჯგუფის მონიტორინგისას დაფიქსირდა მიწის უნებართვო სამუშაოები, რის შედეგადაც დაზიანდა გვიანანტიკური-ადრეშუა საუკუნეების პერიოდით დათარიღებული
კრამიტები და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. აქვე იკითხება ნახშირისა და ბათქაშის ფრაგმენტები.
უნებართვო სამუშაოების შედეგად, არქეოლოგიური ფენების დაზიანების ფაქტზე შემდგომი რეაგირების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის “მცხეთის ისტორიული ძეგლების” ბუფერულ ზონაში ნებისმიერ სამშენებლო სამუშაოზე გადაწყვეტილების მიღების, შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის პროცესში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუდმივ ჩართულობას მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს.

ამავდროულად, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დადებითად შეფასებული ყველა პროექტი, მათი განხორციელების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა შეთანხმდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და კომიტეტის მრჩეველ ორგანოებთან“, – აღნიშნულია კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები