ბექა დავითულიანი: ერთადერთი, ვისაც შეიძლება, აწყობდეს, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები არ ვიყოთ, არის ჩვენი არაკეთილმსურველი ქვეყანა, რომელიც ეცდება, მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ნამოხვანჰესისა და მასზე დამოკიდებული 80 ჰესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ხაზი, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, გადის პანდემიასა და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე. პანდემიის ნაწილში ჩვენ პირველი ეტაპი ნამდვილად ვმართეთ წარმატებით, თუმცა მეორე ეტაპზე, რაც შეეხება ვაქცინაციის ნაწილს, გვაქვს გარკვეული შეფერხებები. ეს არის ფაქტი. მართალია, გუშინ მინისტრის მოადგილემ სრულიად გასაგებად ახსნა, თუ რატომ ფერხდება ეს პროცესი, რაც ქართული მხარის პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და ჩვენ აბსოლუტურად ყველა გზას უნდა მივმართოთ – ფორმალურს თუ არაფორმალურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მით უმეტეს, რომ რისკები იზრდება შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ და პარალელურად. რაც შეეხება ეკონომიკას, კრიზისი უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო მძიმე კრიზისი გველის წინ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება კრიზისის ნაწილში გარკვეული გეგმის ჩვენება და კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორ ვაპირებთ, გადავარჩინოთ ეკონომიკა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს გავუმკლავდეთ. ამავდროულად, გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა. ინვესტიციების ნაწილში ენერგეტიკა არის უმსხვილესი სექტორი, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს საქართველოში და ნამახვან ჰესი ამ თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი პროექტია – 800 მლნ დოლარის ღირებულების. გარდა ამისა, ამ ნამახვან ჰესის პროექტის უკან დგას 80 ჰესის პროექტი ანუ ნამახვან ჰესზე თუ სწორი კომუნიკაცია არ მოვახდინეთ და სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3, 5 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ნამახვან ჰესის ტიპის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას. თუ უსაფრთხოების პრობლემას არ ვქმნით, თუ მოსახლეობას გარკვეული ბენეფიტები აქვს ფინანსური, მაშინ პრობლემა გვაქვს სულ რამდენიმე მიმართულებით: კომუნიკაციის და მეორე – ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ვერ ვანახებთ იმ პლუსებს, რასაც ისინი მიიღებენ. შეიძლება კონტრაქტორებთან საუბარი, რომ პირობაში ჩაიდოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას რაღაც შეღავათები ჰქონდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რომ ამ თვალსაზრისითაც არავის ეჭვი არ ეპარებოდეს და ყველა რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშია მოყვანილი, უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გათვალისწინებული, რადგან ჩვენ ხომ მტრები არ ვართ ამ ქვეყნის? პირიქით, გვინდა, რომ სიკეთე გავუკეთოთ ქვეყანას და ენერგოდამოუკიდებლობა შევძინოთ, ინვესტიცია მოვიზიდოთ. ყველა, ვინც ამ მიმართულებას სწორად განახორციელებს, გააკეთებს ძალიან დიდ საქმეს ამ ქვეყნისთვის, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არ შეიძლება, არ უნოდეს რომელიმე პოლიტიკოსს ამ ქვეყანაში. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები არ ვიყოთ, არის ჩვენი არაკეთილის მსურველი ქვეყანა, რომელიც ეცდება, რომ მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები. ამიტომ, მთავარია, კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რა ხდება, გვქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, ყველა რისკისგან დავაზღვიოთ. ადამიანებისთვის ჰესის მშენებლობა უნდა იყოს არა პრობლემა და პროტესტის მიზეზი, არამედ განვითარებისა და უკეთესი მომავლის შანსი”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები