თამაზ გაიაშვილი: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, საქმით გასცეს საკადრისი პასუხი დესტრუქციულ ძალებს

“საქართველო მრავალმხრივ კრიზისში შევიდა”, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს ახალმა პრემიერმინისტრმა პრინციპულად ახალ მიდგომებზე უნდა ააგოს საგარეო ურთიერთობები.

“საქართველო მრავალმხრივ კრიზისში შევიდა: ცალკე პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, ცალკე პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ე.წ. ოპოზიციური ძალა ქმნის, ერთმანეთს ავსებს და ქვეყანაში გაუსაძლის ვითარებას აყალიბებს. – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს! – გაჰყვირის ოპოზიცია. არც მე ვარ ამ ხელისუფლების თავგადაკლული მომხრე, მაგრამ ხელისუფლების შეცვლას კონსტიტუციური წესი აქვს. მეთოდები, რომელსაც ოპოზიცია ვითომ ხელისუფლების შესაცვლელად იყენებს, მიუღებელია. პრინციპი, ოღონდ ხელისუფლება წავიდეს და ჩვენ აღმოვჩნდეთ მართვის სადავეებთან, ქვეყანას კი რაც გინდა, ის მოუვიდეს, პირადად ჩემთვის მისაღები არ არის და დარწმუნებული ვარ, არც ქართველი ხალხისთვის იქნება მოსაწონი. ეს დასავლეთიდან დაფინანსებული ის ოპოზიციაა, რომელმაც არა მარტო ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დაკარგა, არამედ კოდორის ხეობა და ახალგორიც, ფეშქაშად, ზედ მიაყოლა; ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველა პირობა შეჰქმნა იმისთვის, რომ საქართველოს ძირძველი მიწა დავითგარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანისთვის გადაელოცა. მეტი მკრეხელობა და მავნებლობა რა უნდა იყოს, ვიდრე სააკაშვილის ეს მიდგომა იყო?! სააკაშვილს ქართული ტერიტორიების მიმართ ანალოგიური მიდგომები რომ არ ჰქონოდა, დღეს არათუ კოდორის ხეობა და ახალგორი, აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა. ქართული მიწის მიმართ თავისი სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებითა და დამოკიდებულებებით, მან მეზობელ სახელმწიფოებს მადა აღუძრა და პრეტენზიები გაუჩინა, რითაც არა მარტო ტერიტორიების დაკარგვის რეალური საფრთხეები შეჰქმნა, არამედ ამ ქვეყნებთან მტრული დამოკიდებულებები გააღვივა, რაც პატარა და დაუცველი სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, სახიფათოა. ეს ე.წ. ოპოზიცია ის ძალაა, რომელიც არა მარტო მეზობელ სახელმწიფოებთან, არამედ დასავლეთთანაც გვაპირისპირებს. დასავლეთის სახელმწიფოებს ისინი საქართველოსთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ისინი თავიანთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ადრე ტერიტორიებს თუ ანიავებდნენ, ახლა ქართველ ხალხს სწირავენ. ქართველმა ხალხმა, რომელიც ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია, დასავლურ სანქციებს როგორ უნდა გაუძლოს?! საქართველოსთვის დაწესებული სანქციები ქართველ ხალხს ისევე დააპირისპირებს დასავლეთთან, როგორც მათმა უგუნურმა პოლიტიკამ მეზობელ სახელმწიფოებთან დააპირისპირა. ამაზე დიდი მტრობა საქართველოსი წარმოუდგენელია. დააკვირდით, სანამდე მივყავართ ამ პოლიტიკას. დღეს, როდესაც პანდემია მძვინვარებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხს, მაგრამ ეს საქმე მკვდარი წერტილიდან არ იძვრის. თითქმის თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს საკითხი წამოვწიე და ვთქვი, რომ რუსული ვაქცინა უნდა შემოვიტანოთ-მეთქი, მით უმეტეს, რომ ეს ვაქცინა, აგერ, ყურისძირშია და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომიცაა. ვინმემ შეიძლება, იფიქროს, რომ ამ საკითხებში მფრინავი კაცის აზრი კი არა, პროფესიონალი მედიკოსების აზრია მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ თუ ასეა, მაშინ ექიმებს დავუგდოთ ყური. ჩემი წერილის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ ნახეთ, რას წერს ცნობილი სამედიცინო ექსპერტი, ქ-ნ მაია ნიკოლეიშვილი წერილში (იხ. lid.ge), რომლითაც იგი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძეს მიმართავს: “ქალბატონო მინისტრო, გთხოვთ, მოიძებნოს რამე ტიპის მექანიზმი, რომ საქართველოში მსურველთათვის შემოვიდეს ვაქცინა – Спутник V. იმ წერილში ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: „მთავრობა, იმის შიშით, რომ ვიღაცა ამის საწინააღმდეგოდ ხმის ჩახლეჩვამდე იყვირებს, სწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს არ უნდა იკავებდეს. საერთოდ, რაზეა საუბარი, ერის ყოფნა-არყოფნის წინაშე როდესაც ვდგავართ, იქ პოლიტიკური სარჩული და მოტივი რა მოსატანია?!” მთავრობა იმას კი არ უნდა უყურებდეს, დაქირავებული ძალები რა შეფასებას მისცემენ მის საქმიანობას, იგი ხალხისთვის აუცილებელ ნაბიჯებს უნდა დგამდეს და საქმეს აკეთებდეს. მთავრობის საქმიანობის ერთადერთი და უმაღლესი შემფასებელი ქართველი ხალხია, ვინც მას ლეგიტიმაციას აძლევს. ოცდაათი წელიწადია, რაც ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერების აზრს. ამგვარმა დამოკიდებულებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ისინი არა მარტო თითის ქნევით გველაპარაკებიან და გვმართავენ, არამედ ჩვენს ნაცვლად აზროვნებასაც იწყებენ. ჩვენ მათ, სიტყვით, ერთადერთი პერსპექტივა დაგვიტოვეს – ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ საქმით ეს პერსპექტივაც აუხდენელ ოცნებად გვიქციეს. გახსოვთ, ვირს თივა რომ დაუკიდეს ცხვირწინ. სდია ვირმა თივას, მაგრამ თივა მიუწვდომელი აღმოჩნდა. ვირს მეტი არ მოეთხოვება, მაგრამ ხალხისთვის ოცდაათი წელიწადი განა საკმარისი დრო არ უნდა იყოს, რომ გააცნობიეროს აბსურდულობა მიზანი, რომელიც არა მარტო მიუღწეველი, არამედ დამანგრეველიც აღმოჩნდა ქვეყნისთვის?! რა სიკეთე მოგვიტანა ნატო-სა და ევროკავშირისკენ ოცდაათწლიანმა სწრაფვამ, გარდა იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცები დედამიწის სხვადასხვა ცხელ წერტილში მსახურობენ და ჩვენ ამაში ფულს ვიხდით. წარმოიდგინეთ, გაძვალტყავებულ სახელმწიფოს ფულს გვახდევინებენ იმაშიც, რომ განუსაზღვრელ მომავალში ნატო-ს წევრობას გვპირდებიან. გესმით, რა დონის მარაზმთან გვაქვს საქმე?! ოცდაათი წელიწადია, რაც დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნატო-ს წევრობის პერსპექტივაზე გვეჩიჩინებიან, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის ნგრევის გარდა, სიკეთე არ გვინახავს. დაკარგული ტერიტორიები, გაჩანაგებული ეკონომიკა, განახევრებული მოსახლეობა, დასავლეთის ვალებში ჩამხრჩვალი ქვეყანა, ესაა ის, რაც რეალურად მივიღეთ. ყველაფერი დანარჩენი – დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ფუყე სიტყვები აღმოჩნდა, რომელთა მიღმა შინაარსი არ იკითხება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ამოფარებულ ადამიანთა ჯგუფი პანდემიისა და ეკონომიკური ძნელბედობის ჟამს მიზანმიმართულად გვექაჩება ქაოსისა და დესტაბილიზაციისკენ, რისი დაშვების უფლება ქართველ ხალხს არ აქვს. ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვის მიმართაც ქართველ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ნდობითაა გამსჭვალული: იმოქმედოს არა იმის მიხედვით, თუ რა მოეწონებათ საქართველოში მოქმედ დესტრუქციულ ძალებს, არამედ იმის მიხედვით, რასაც ქართველი ხალხის ინტერესები მოითხოვს; დაიწყოს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი; აღადგინოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ვინაიდან დიპლომატია ერთადერთი გზა და საშუალებაა პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად; გადადგას რეალური ნაბიჯები აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად, ვინაიდან გზა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, მიმოსვლა, ცოცხალი ურთიერთობები არის საფუძველი ხალხთა დაახლოებისა, ინტერესთა შეჯერებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

ერთმანეთისგან მოწყვეტა, დაპირისპირება, მუშტების ქნევა და ოკუპანტის ძახილი უკვე ნაცადი ის უპერსპექტივო გზაა, რამაც დასახულ მიზნამდე ვერ მიგვიყვანა და ვერც ვერასოდეს მიგვიყვანს. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ახალმა პრემიერმინისტრმა პრინციპულად ახალ მიდგომებზე უნდა ააგოს საგარეო ურთიერთობები, ვინაიდან მექანიკური გადმოღება და გამეორება ძველი, აბსოლუტურად უნაყოფო და გატკეპნილი გზისა ხარკის გაღება იქნება იმ ძალების წინაშე, რომლებმაც საქართველო დიდი ხანია, ჩიხში შეიყვანეს და ახლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა სამუდამოდ იმ ჩიხში დატოვონ. საქართველოს პრემიერმინისტრისგან ეს ახალი, ალტერნატიული მიდგომა იქნება ქვეყნის გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯიც და დესტრუქციული ძალებისთვის საქმით გაცემული საკადრისი პასუხიც”, – აცხადებს გაიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები