ადვოკატი: ამ საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ ეპიზოდზე ბრალდებულებმა ჯერ სცემეს გიორგი შაქარაშვილს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს

“არცერთი ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ გარდაცვლილთან შემხებლობა”, – ამის შესახებ ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს.

მისი თქმით, ამ საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელსაც პირდაპირ შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ ეპიზოდზე ბრალდებულებმა ჯერ სცემეს გიორგი შაქარაშვილს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს.

„აღვნიშნავთ სასამართლოს წინაშე, რომ არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი სასამართლო სხდომებზე, რომელიც უშუალოდ დაადასტურებს არასრულწლოვნებისა და ბრალდებულების შემხებლობას გიორგი შაქარაშვილთან. არცერთი ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ გარდაცვლილთან შემხებლობა. ერთი მოწმეც არ წარმოუდგენიათ, რომელიც იტყოდა, რომ სადაც ე.წ. შემთხვევის ადგილი აქვთ მონიშნული, იქ მოხდა ჩხუბი, რომ ვინმემ სცემა გიორგი შაქარაშვილს და ჩააგდო წყალში. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის. შესაბამისად, ყველა ამ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც მიუთითებს სასამართლოს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს. იმის ფონზე, რომ ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორ შეიძლება, ამ საქმეზე რაიმე სახით ვიფიქროთ, რომ სასამართლომ მიიღოს გამამატყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ამის შემდეგ სიტყვით ისარგებლებენ ბრალდებულები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები