„შეხვდი მეცნიერს“ – ნინო ლორთქიფანიძე

26 თებერვალს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება ნინო ლორთქიფანიძესთან, რომელიც არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
„მუზეუმი – მუზების სამფლობელო“ – ნინო ლორთქიფანიძის ლექციაზე განხილული იქნება საწერი მოწყობილობა, რომელიც 2001 წელს მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე გამოვლენილ ახ. წ. III-IV საუკუნეების მდიდრულ სამარხში აღმოჩნდა. რომაული ეპოქის ხელოვნების ეს იშვიათი ნიმუში, უპირველეს ყოვლისა, მუზების, ჰომეროსის, დემოსთენესა და მენანდრეს გამოსახულებებით წარმოდგენილი მკაცრი იკონოგრაფიული პროგრამით გამოირჩევა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის „არქეოლოგიური საგანძურის“ მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური საწერი მოწყობილობა ფორმისა და შინაარსის ერთიანობის იშვიათი ნიმუშია და ნათელი სიმბოლოა ხელოვნების, მწიგნობრობის, მეცნიერების სინთეზისა, რასაც თავად მუზეუმის – „მუსეიონის“ ფენომენი ემსახურება.
ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ახალი პერსპექტივები, რომლებსაც ქართლის სამეფოს დედაქალაქში აღმოჩენილი საწერი მოწყობილობის ინტერდისციპლინარული კვლევა იძლევა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესწავლაში, როგორიცაა ქართული დამწერლობის წარმოშობა.
ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ამ ფუნდამენტური საკითხის კვლევაშიც განუზომელია ჩვენი დროის დიდი მეცნიერის თამაზ გამყრელიძის ღვაწლი და ეს ლექციაც სწორედ მის ნათელ ხსოვნას ეძღვნება“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები