ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის განცხადებას ვეთანხმებით – პოლარიზაციიდან გამოსავალი არის ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა
“ევროკავშირის განცხადებას ვეთანხმებით – პოლარიზაციიდან გამოსავალი არის ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
,,ევროკავშირის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მას სრულად ვეთანხმებით და ვიზიარებთ. პოლარიზაციიდან გამოსავალი არის ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც საქართველოს დღეს აუცილებლად სჭირდება.
ეს არის 27 ევროპული სახელმწიფოს ერთობლივი ოფიციალური განცხადება და ეს არ არის რომელიმე პარტიული პოლიტიკოსის ან დეპუტატის ცალკეული განცხადება. ესაა ერთობლივი ოფიციალური პოზიცია ევროკავშირისა, რომელსაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ასევე მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს ოპოზიციურ პარტიებს, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, შემოვიდნენ პარლამენტში და გავაგრძელოთ საპარლამენტო ცხოვრება ერთად“, – აცხადებს სამხარაძე.
ევროკავშირი მოუწოდებს პოლიტიკური დიალოგის ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. ევროკავშირის განცხადებით, გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით.