ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ – “მუშტებმოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა”
“ფორმულას” მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიასა და მასთან ერთად მყოფ პირს, ცოლის ნათესავს რამდენიმე პირი თავს დაესხა.
ვახო სანაია “ფორმულასთან” საუბრის დროს იხსენებს, რომ კონფლიქტი მასსა და თავდამსხმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო.
“[ერთ-ერთმა პირმა] გადაინაცვლა ოდნავ მოშორებით და იქედან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებმოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება… ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს.
მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება. გინება ჩვენ მიმართ [“ფორმულა”], “TV პირველის” მიმართ ჰქონდათ ეს აგრესია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ,” – აცხადებს სანაია.
შსს-მ თავდასხმის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის – 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაულისთვის 2 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.