„საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი” – ეროვნული არქივის ონლაინგამოფენა

2021 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი სრულდება. ამ ტრაგიკულ თარიღს ეძღვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა, რომელიც 19 თებერვალს ეროვნული არქივის ვებგვერდზე: www.archive.gov.ge ონლაინ გაიხსნა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, გამოფენაზე „საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი” წარმოდგენილია ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინათ საქართველოში მომხდარ სამწუხარო მოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის. მათ შორისაა რუკა, რომელზეც ნაჩვენებია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის მარშრუტი, მთავრობის ხელმძღვანელთა მოწოდებები და წერილობითი დოკუმენტები, ომის მიმდინარეობის ამსახველი საგაზეთო პუბლიკაციები, ფოტოები და სხვა. საგამოფენო ექსპონატები ნათლად ასახავენ საქართველოს თავგანწირულად ბრძოლასა და 6-კვირიან საომარ მოქმედებს თავისუფლების შენარჩუნებისთვის.

ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ჩატარდა, გამოიცა წიგნები, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი და მულტიმედია გვერდი, გაიმართა გამოფენები მატერიალურ და ციფრულ ფორმატში. ამ მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი www.archive.gov.ge.

გამოფენის კურატორია: დიმიტრი სილაქაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები