დავით ზალკალიანი ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ევა მარია ლიიმეტესთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის გამორჩეულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

„ესტონეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორისა და ახლო მეგობარი სახელმწიფოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ხაზი გაესვა არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და შექმნილი გამოწვევების ფონზე ორი ქვეყნის ინტენსიური თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვეს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და მიმდინარე აქტუალური საერთაშორისო საკითხების მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კუთხით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები