თეა წულუკიანი: მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

წულუკიანმა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.

“სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა – ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.

რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.

სწორედ ამგვარი უსამართლო “რჩევები”, დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი.

მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!”,- წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები