“ამ რადიკალურ, უკვე ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან მე საუბრისა და დიალოგის არავითარი განწყობა არ მაქვს” – ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“

“ამ რადიკალურ, უკვე ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან მე საუბრისა და დიალოგის არავითარი განწყობა არ მაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგისთვის მზადაა.

ირაკლი ღარიბაშვილი მისი მისამართით გაკეთებულ ცილისწამების კამპანიასაც გამოეხმაურა.

„ამ დღეების განმავლობაში ვისმენ არნახულ ცილისწამებათა კასკადს, ნიაღვარს, ჩემი მისამართით. მე ვახსენებ მათ, რომ ბოლო ერთი წელი ვიყავი თავდაცვის მინისტრი… რაღაც არნახული სიბინძურე, ყველაფერი უბედურება, რაც შეიძლება, ადამიანს  მოუვიდეს თავში, რაც მათ აქვთ გაკეთებული, ის ღალატი, ის უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს – ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ! როგორ შეიძლება ადამიანს დააბრალო, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, რომ თურმე მე რუსებს მოვაკვლევინე 6 სპეცრაზმელი? გამოდის ეს თვითონ მთავარი მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინო, ჩვენი ერის და ჯარის სირცხვილი, მთავარსარდლად წოდებული, რომელიც ყველამ ვიხილეთ 2008 წელს გართხმული მიწაზე… და ეს ადამიანი კიდევ გველაპარაკება ჩვენ, ვინც დაარბია, დახოცა ხალხი, გააუბედურა და აწამა. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო?! ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება?! მათთან ერთად წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის განვითარება? წარმოგიდგენიათ აქ რომ რაიმე გადატრიალება მომხდარიყო, რა მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში? მოხდებოდა არეულობა, სამოქალაქო ომი, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, რაც პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, სააკაშვილი იყო სამარცხვინო პირი, მთავარსარდალი, პრეზიდენტი, რომელიც გახსოვთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა გორში, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე კაცმა მიატოვა სტუმარი, გაიქცა და გაერთხა მიწაზე და ამის შემდეგ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს თავისი გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ძალადობით, ზოგს ყურით იჭერს და ა.შ. მეგობრებო, ეს ქაოსი დასრულდა! ასე გაგრძელება არ შეიძლება, ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები