რატი იონათამიშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის აბსურდი, ქართველმა ამომრჩეველმა თავისი ნება უკვე გამოხატა
“რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის აბსურდი – ამ წინაპირობის გარეშე მოლაპარაკება არის შესაძლებელი და ვფიქრობ, აუცილებელიც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ქართველმა ამომრჩეველმა თავისი ნება უკვე გამოხატა.
“ქართული ოცნება” მუდამ არის მოლაპარაკების მხარდამჭერი და ეს არის კონსტრუქციული ფორმა, თუმცა, რასაკვირველია, როცა ოპოზიცია ჯერ გამოდის ულტიმატუმის ენით და მერე ამბობს, რომ თითქოს მოლაპარაკებები სჭირდება, ვფიქრობთ, რომ აქ მაინცდამაინც გულწრფელობას არ აქვს ადგილი და კონკრეტული ქმედებებით, განცხადებებით უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ისინი რეალურად არიან მოწოდებული კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რისი პირველი ნაბიჯიც ცხადია, პარლამენტში შემოსვლა უნდა იყოს. რეალურად, ისინი უარს ამბობენ თანამშრომლობაზე და გადადიან რადიკალურ ნაბიჯებზე, რადიკალურ გზებზე, მათ არასდროს გაითვალისწინეს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებები, რაც პარლამენტში შემოსვლას უკავშირდება. ამბობენ, რომ ერთადერთი პირობა რაზეც შეიძლება მოლაპარაკება შედგეს, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, ეს არის ფარსი, თუ ამ წინადადებით გინდა მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა, ეს ნიშნავს, რომ ატყუებ საზოგადოებას. ცხადია, ამ წინაპირობის გარეშე მოლაპარაკება არის შესაძლებელი და ვფიქრობ, აუცილებელიც. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის აბსურდი, ქართველმა ამომრჩეველმა თავისი ნება უკვე გამოხატა და არჩევნები აღიარებული იქნა ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან, პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში,”- განაცხადა იონათამიშვილმა.