ქეთევან დუმბაძემ ირაკლი ღარიბაშვილს კულტურის სფეროში რეგულაციების შემსუბუქების თხოვნით მიმართა

საქართველოს პარლამენტში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის წევრმა ქეთევან დუმბაძემ კულტურის სფეროსთვის რეგულაციების შემსუბუქების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ბატონო ირაკლი, ალბათ დამეთანხმებით, რომ პანდემია უკუდურესად მწვავედ შეეხო კულტურას და უმძიმესი შედეგები გამოიწვია, უმეტესობა მათგანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მინდა მოგმართოთ და გადმოგცეთ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელთა თხოვნა კოვიდის რეგულაციების და აკრძალვების შესაძლო შემსუბუქების თაობაზე. გასული წლის 3 მარტიდან კულტურის ორგანიზაციები სრულად დახურულია, არ არის დაშვებული არც ღია ღონისძიებები და არც სარეპეტიციო საქმიანობა. რთული ვითარებაა სახელოვნებო წრეების – ქორეოგრაფიული, მუსიკალური, სამხატვრო წრეების ფუნქციონირების მიმართულებით. წელს 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების და 15 თებერვლიდან სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის აღდგენასთან ერთად იქნებ დაისვას საკითხი – თეატრების, ანსამბლების, ორკესტრების – სარეპეტიციო საქმიანობის აღდგენის შესახებ. რადგან თუ მათ ახლა არ მიეცათ რეპეტიციების საშუალება, აკრძალვების მოხსნის დროს მათ არაფერი ექნებათ მაყურებლის წინაშე წარსადგენი. იქნებ განიხილოთ გარე ღონისძიებების, თეატრების და კინოთეატრების გახსნის შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაშიც მათი არგუმენტი მარტივია – თუ კლასში შეიძლება 20 ბავშვის ყოფნა, თეატრში მაყურებელი შეიძლება ორი სკამის გამოტოვებით გათავსდეს. და ბოლოს, იქნებ დავფიქრდეთ სამუზეუმო საქმიანობის აღდგენის შესახებაც (მუზეუმებში რისკები მინიმალურია, რადგან ნაკადები გამდინარეა, რეგულაციები სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას)” აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები