კერძო ბაღების წარმომადგენლები მთავრობას პირველი მარტიდან ბაღების გახსნის თხოვნით მიმართავენ

კერძო ბაღების წარმომადგენლები მთავრობას ბაღების 1-ელო მარტიდან გახსნის თხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის” ხელმძღვანელმა – გიგი სისვაძემ, კერძო ბაღის – “მწვანე ალუბლის“ დირექტორმა – თამარ ბაქრაძემ და კერძო ბაღის, „აკუნა მატატას“ ხელმძღვანელმა – ქეთი აბაზაძემ ისაუბრეს.

მათი თქმით, კერძო ბაღების სექტორში ფინანსური კრიზისია.

კერძო ბაღებთან დაკავშირებით სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. ერთგვარი მოლოდინი გვქონდა იმისა, რომ 1 -ელი მარტიდან ჩვენი საქმიანობა აღდგებოდა. უკვე წელიწადი ხდება, რაც ფუნქციონირება შეწყვეტილი გვაქვს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კერძო ბაღების საკითხის განხილვა საჯარო ბაღებთან მიმართებით ხდება, რაც არასწორია. მინდა, მივმართო უწყებათაშორის საბჭოსა და ეპიდემიოლოგებს, ამ სეგმენტს ერთ სინდიკატად ნუ გააიგივებენ, რადგან ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და არ ვექვემდებარებით ბაღების სააგენტოს, ჩვენი საქმიანობა არ მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას. ისინი მასშტაბურად გაცილებით დიდები არიან, ვიდრე – ჩვენი სექტორი. ჩვენ ვექვემდებარებით ეკონომიკის სამინისტროს და არა – ბაღების სააგენტოს.

კოვიდმართვასთან მიმართებით საერთაშორისო პრაქტიკა მოვიძიეთ. ისეთი ქვეყნების გამოცდილებას გავეცანით, როგორებიც არიან ნორვეგია, ამერიკა, გერმანია და ა.შ. ჩვენი ინსტრუქცია შევიმუშავეთ, უფრო გავამკაცრეთ პირობები, ვიდრე დღეის მდგომარეობით კერძო ბაღებთან მიმართებით არსებობს. გვინდა, ეს ინსტრუქცია ეკონომიკის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებთან შევათანხმოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს ბაღების ფუნქციონირება აღდგეს. თუ არ ვხსნით საჯარო ბაღს, არ ვხსნით კერძო ბაღსაც – ასეთი მიდგომა არასწორია. კოვიდმართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს სეგმენტში კლასტერი არის თითქმის ერთი და იგივე, ანუ ერთსა და იმავე პირებს აქვთ შეხება ერთმანეთთან. ერთმანეთში ჯგუფების არევა არ ხდება, რამაც შეიძლება, რომელიმე ბაღში ვირუსის აფეთქება გამოიწვიოს. ეს მიმართულებები კერძო ბაღებს საკმაოდ მკაცრად აქვთ დაცული“, – განაცხადა სისვაძემ.

მისივე თქმით, კერძო ბაღების სექტორში საიჯარო ურთიერთობის საკითხი გამწვავებულია.

„ერთერთი ბაღის ხელმძღვანელს ნივთები ქუჩაში გამოუყარეს, საბავშვო ინვენტარი დაუზიანეს, რადგან საიჯარო გადასახადების გადახდა შეუძლებელია, ერთი წელია – ვერ ფუნქციონირებენ ბაღები. ამ ქმედების ჩამდენი პირების მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.
მინდა, ყველა მოიჯარეს მივმართო, თუ საიჯარო ურთიერთობები გაპრობლემებულია, მედიაციისთვის საგანმანათლებლო ასოციაციის პლატფორმა გამოიყენონ. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით იმისთვის, რომ მხარეებს შორის შეთანახმება შედგეს“, – განაცხადა სისვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები