პრემიერმინისტრ გახარიას გადადგომის, პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენის, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების აღსრულების საკითხებზე ,,კვირა“ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა:
-გუშინ მმართველმა გუნდმა პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთხელ უკვე იყო.
-პოლიტიკური ფიგურები პირობითად ორ ბანაკად იყოფიან: ,,ქორებად“ და ,,მტრედებად”. პრემიერმინისტრად ღარიბაშვილის დასახელება ნიშნავს ქვეყნის პირველ პირად ,,ქორის“ წამოწევას.
-მოქმედ პოლიტიკოსთა შორის ,,მტრედებიც“ არსებობენ?
-,,მტრედი“, ჩვენს შემთხვევაში, გახარია იყო, რომელიც ნაკლები სიხისტით გამოირჩეოდა და ნებისმიერ მხარესთან მოლაპარაკების უნარი ჰქონდა.
-ღარიბაშვილის უკომპრომისობას უსვამთ ხაზს?
-კობახიძე და ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკაში ის პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც რადიკალიზმი ახასიათებთ, იშიათად და ძნელად მიდიან კომპრომისებზე.
-იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები ისე განვითარდა, რომ ხელახალი არჩევნები გარდაუვალი გახდება, როგორი იქნება საარჩევნო პროცესის ნდობის საკითხი, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ დაბრუნდება და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაში მონაწილეობას არ მიიღებს?
-თუ საარჩევნო რეფორმა პოზიციისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობისა და აზრთა შეჯერების საფუძველზე არ განხორციელდა, იმდენადაა დაცემული ნდობა საარჩევნო კანონმდებლობის, ადმინისტრაციისა და მთლიანად პროცესის მიმართ, რომ თუნდაც არჩევნები კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდეს, ის მაინც ოპოზიციის მუდმივი სპეკულაციის საფუძველი გახდება. ამ დროს კი მხოლოდ ამომრჩეველი დაზარალდება, რადგან ძალიან დაიბნევა. არაერთხელ გვინახავს, რომ პოლიტიკოსებსა და პარტიებს ჰქონიათ უსაფუძვლო პრეტენზიები საარჩევნო პროცესების მიმართ, რომელსაც საკუთარი გამოგონილი არგუმენტებით ასაბუთებენ.
-მმართველი გუნდი თვლის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ხელახალი არჩევნებისთვის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს მოითხოვს უმოკლეს ვადებში. ნაჩქარევად ჩატარებული არჩევნები რამდენად შეიძლება, გახდეს ოპოზიციისთვის მისაღები, იქნებ, ხელახალი არჩევნების შედეგებმაც არ დააკმაყოფილოთ?
-სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თემაზე, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა დასრულდეს. რიგგარეშე არჩევნები საქართველოში გადრაუვალია, პოზიცია და ოპოზიცია უბრალოდ არჩევნების თარიღზე უნდა შეთანხმდნენ. მომავალ არჩევნებში ელექტრონული სისტემების დამონტაჟებაზეა საუბარი. ჯერ ეს სისტემა უნდა დავუკვეთოთ, შემდეგ დავამონტაჟოთ, გადავამზადოთ საარჩევნო ადმინისტრაცია, გამოვცვალოთ საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე და იქ დავნიშნოთ ახალი წევრები. ყველა ეს პროცედურა დროშია გაწელილი და მინიმუმ ერთ წელს მაინც მოიცავს. თუ რიგგარეშე არჩევნებზე პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდებიან, რასაკვირველია, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ყველა ამ საკითხზე ერთობლივად უნდა იმუშაონ, რომ მომავალში არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს აღარასოდეს გაუჩნდეს კითხვა, გაყალბდა თუ არა არჩევნები. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი, ქვეყანამ თავი დააღწიოს პოლიტიკურ კრიზისს.
-,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის აღმკვეთი ღონისძიება დამოკლეს მახვილივითაა ქართულ პოლიტიკაში. როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომ კრიზისის განმუხტვა მოხერხდეს?
-კანონი, რასაკვირველია, უნდა აღსრულდეს, მაგრამ ხშირად კანონი უსამართლოა. უსამართლოდ მეჩვენება ნიკა მელიასთვის გირეოს შეფარდება და სამაჯურის დადება, უსამართლოდ მეჩვენებოდა მისთვის პარლამენტის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტისა და მეორედ გირაოს დადების საკითხიც.
-პროკურორმა არაადეკვატური სასჯელი მოითხოვა მელიასთვის?
-პროკურორს შეეძლო, სასამართლოსთვის სასჯელის დამძიმების მოთხოვნით მიემართა, ოღონდ არ მოეთხოვა მაინცდამაინც პატიმრობა, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებდა ისედაც ჩიხში შესულ პოლიტიკურ მოლაპარაკებათა პროცესს. ნიკა მელიას საქმე 20 ივნისის ქმედებებისთვის სასამართლოს ჯერაც არ განუხილავს. ამ შემთხვევაში მისთვის პატიმრობის შეფარდება მხოლოდ სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიება იყო და სხვა არაფერი. მოდით, განვიხილოთ, რა რეალურ საფრთხეს უქმნიდა ნიკა მელიას თავისუფლებაზე დარჩენა სასამართლოს. მტკიცებულებების განადგურება, რომელიც პროკურატურის ხელშია? გამორიცხულია. მოწმეებზე ზემოქმედება, რომლებიც ძირითადად პოლიციელები არიან? ესეც გამორიცხულია. აპირებს თუ არა ნიკა მელია ქვეყნიდან გაქცევას და დაემალება თუ არა მართლმსაჯულებას, თუ ის თავისუფალი იქნება? ესეც, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან მელია ამ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. ასე რომ, მისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდება სასამართლო პროცესამდე უსამართლოა და სწორედ ამას აპროტესტებდა მისი უფლებადამცველი სასამართლოში.
-თუმცა, ნიკანორ მელიას ზედამხედველმა პროკურორმა ასე არ მიიჩნია და ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბრალი დაუმძიმა. სამართლებრივი გამოსავალი ამ შემთხვევიდან მხოლოდ მელიას დაპატიმრებაა?
-ზედამხედველ პროკურორს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, ხელახლა მიმართოს სასამართლოს და აღმკვეთ ღონისძიებად აღარ მოითხოვოს მელიას დაპატიმრება, არამედ შეცვალოს ის ნებისმიერი სხვა ღონისძიებით.
ია დანელია